ლევან დავითაშვილმა საქართველოში ბიოდიზელის მწარმოებელი პირველი კომპანია დაათვალიერა
ლევან დავითაშვილმა საქართველოში ბიოდიზელის მწარმოებელი პირველი კომპანია დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ბიოდიზელის საწარმოს, „ბიოდიზელ ჯორჯიას” („Biodiesel Georgia”) საქმიანობას გაეცნო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიამ ბიოსაწვავის წარმოება რამდენიმე თვის წინ დაიწყო.

ლევან დავითაშვილმა ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვის აღმოსაფხვრელად ბიოდიზელის მოხმარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიო-საწვავი შესანიშნავი საშუალებაა ურბანული გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

„საქართველოში ბიოდიზელის წარმოების პირველი საწარმო შეიქმნა. ძალიან საინტერესო ტექნოლოგიაა, რომელიც ითვალისწინებს უნარჩენო წარმოებას. საწარმოს აქვს მნიშვნელოვანი გეგმები, მათ შორის სოფლის მეურნეობაში. კერძოდ საუბარია, ახალი კულტურის რაფსის წარმოებაზე. რაც ვფიქრობ, საინტერესო მიმართულებაა, რომელიც ევროპულ ტენდენციებთან თანხვედრაშია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც კომპანიის ექსპერტი კახა ქარჩხაძე აცხადებს, ბიო-საწვავის გამოყენებით ატმოსფეროში არ იზრდება ნახშირორაჟანგის კონცენტრაცია, მას წარმატებით შეუძლია ჩაანაცვლოს ნავთობდიზელის გამოყენების ნებისმიერ სფეროში.

„ჩვენ პირველი ნაბიჯი გადავდგით არამარტო საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში. შეიქმნა განახლებადი, ალტერნატიული, სუფთა ენერგიის წარმოების ქარხანა. ბიოდიზელს თავისუფლად შეუძლია გამოყენებული იქნას ყველა იმ სეგმენტში, სადაც ნავთობ-დიზელი გამოიყენება. ჩვენი ნედლეული არის განახლებადი რესურსი, ანუ მეორადი მოხმარებული ზეთის შეგროვებით ეკო-მეგობრულ საწვავს ვამზადებთ. ასევე, გვსურს განვავითაროთ ისეთი შესანიშნავი ბიორესურსი, როგორიც არის მცენარე რაპსი, ამით ახალი იმპულსს მივცეთ სოფლის მეურნეობაში ახალი დარგის განვითარებას“, – განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტმა, განახლებადი ენერგიების განვითარების დარგში, კახა ქარჩხაძემ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ​ბიოდიზელის საწარმოს საინვესტიციო მოცულობამ ერთი მილიონი ლარი შეადგინა და დასაქმდა 30 ადამიანი. წარმოების დაწყებიდან დღემდე გადამუშავდა თითქმის 200 000 ლ მოხმარებული საკვები ზეთი, საიდანაც მიღებულია 190 000 ლიტრი ბიოსაწვავი.

„მსოფლიოში კარგად აპრობირებული პრაქტიკის შესაბამისად კომპანია „ბიოდიზელ ჯორჯიამ” (Biodiesel Georgia) საწყის ეტაპზე საქართველოს ორ რეგიონში დაიწყო რაპსის კულტურის განვითარება. პარტნიორ კომპანიებთან „ლომთაგორა“ და „აჭარა ჯგუფთან“ ერთად ქვემო ქართლსა და კახეთში 50 ჰა ფართობზე საგაზაფხულო რაპსი დაითესა. პროექტის წარმატებით ტესტირების შემდეგ დაგეგმილია ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში მისი განვრცობა. მოყვანილი პროდუქციიდან იწარმოება ზეთი და მისგან ბიოდიზელი დამზადდება, ხოლო ნარჩენის გამოყენება კომბინირებულ საკვებში მოხდება. 2020-2023 წლებში კომპანიას დაგეგმილი აქვს უფრო მასშტაბური ბიოდიზელის ქარხნის მშენებლობა რომლის საინვესტიციო მოცულობა 10 მლნ ევრო იქნება, ხოლო დასაქმებულთა ოდენობა 200 ადამიანს მიაღწევს”, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.