ლევან დავითაშვილმა კავშირგაბმულობის დარგის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კავშირგაბმულობის დარგის თანამშრომლებს საქართველოს კავშირგაბმულობისა და მსოფლიო ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო საზოგადოების დღე მიულოცა.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, ციფრულ საუკუნეში ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების როლი უდიდესია ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომელიც აკავშირებს ადამიანებს და ქმნის ახალ შესაძლებლობებს სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარებისთვის.
მინისტრის თქმით, ის ფაქტი, რომ გაერო წლევანდელ მსოფლიო ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო საზოგადოების დღეს „გენდერული თანასწორობა ციფრულ ტრანსფორმაციაში” თემატიკით აღნიშნავს, ხაზს უსვამს ინკლუზიურობის მნიშვნელობას, რათა ყველას ჰქონდეს თანაბარი მონაწილეობის შესაძლებლობა ციფრული ტრანსფორმაციის პროცესებში და წვდომა თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებთან.
პირველი ვიცე-პრემიერის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოში ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება რჩება მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. მისი თქმით, ამ მიმართულებით ბოლო პერიოდში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები თუ სტრატეგიები ადასტურებს ციფრული მომავლის უზრუნველყოფისადმი სწრაფვას და მდგრადი, ინკლუზიური, ხელმისაწვდომი და სანდო ციფრული მომსახურებების განვითარების მნიშვნელობას.
„კავშირგაბმულობისა და ტელეკომუნიკაციების სფეროებში დასაქმებული ადამიანების პროფესიონალიზმი, ყოველდღიური შრომა და ინოვაციური აზროვნება ის ძალაა, რომელიც ამ პროცესებს ამოძრავებს. გისურვებთ წარმატებას და შემდგომ მიღწევებს ამ მნიშვნელოვან საქმიანობაში“, – აღნიშნულია ლევან დავითაშვილის მილოცვაში.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.