ლევან დავითაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის სამუშაო შეხვედრა გახსნა
ლევან დავითაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის სამუშაო შეხვედრა გახსნა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისში ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა.

რეგიონში ფინანსური ტექნოლოგიების (Fintech) განვითარების საკითხებისადმი მიძღვნილი შეხვედრა ლევან დავითაშვილის სიტყვით გაიხსნა, სადაც მან CAREC-ის ქვეყნების თანამედროვე ეკონომიკური ტენდენციების შექმნა-განვითარების პროცესში ფინანსური ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„იზრდება რა რეგიონი და შესაბამისი ეკონომიკები, კაპიტალის გადანაწილება ქვეყნის თუ რეგიონის დონეზე ჩვენი რეფორმების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ხდება. ფინანსურ ტექნოლოგიას კატალიზატორის როლი აქვს ამ ტენდენციების გაძლიერებაში, ვინაიდან სახეზეა გაზრდილი მოთხოვნა და კაპიტალის მობილიზების საჭიროება. ფინანსურ ტექნოლოგიას შეუძლია აამაღლოს და დააყენოს ჩვენი რეგიონული ეკონომიკა უფრო მდგრად გზაზე და ჩვენ, მთავრობებმა, მხარი უნდა დავუჭიროთ ამ ძალისხმევას. რეგიონული თანამშრომლობა, სადაც მძლავრობს ფინანსური ტექნოლოგიები, განცალკევებული ამოცანა არ არის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში.

სამუშაო შეხვედრა ორი დღის განმავლობაში, 21 – 22 თებერვალს გაგრძელდება. ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის ქვეყნების წარმომადგენელთა გარდა მასში მონაწილეობენ საქართველოს ეროვნული ბანკის, აზიის განვითარების ბანკის ხელმძღვანელი პირები და სხვა საფინანსო-საბანკო სექტორის წარმომადგენლები.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, დღესდღეობით არსებული ფინანსური ტექნოლოგიები, ინოვაციები თუ თანამედროვე აპლიკაციები მნიშვნელოვნად ამარტივებს საფინანსო ურთიერთობებს პარტნიორ ქვეყნებსა და ეკონომიკებს შორის. ასევე ინიციატივები, რომლებიც რეალური პლატფორმებია რეალურ დროში პარტნიორებს შორის საერთაშორისო გადახდების უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, უნდა მოხდეს მათი, როგორც რეალური ეკონომიკური ზრდის ინსტრუმენტების გამოყენება.

„საქართველოს მთავრობა რამდენიმე ღონისძიებას ატარებს, რათა ამ ტრანსფორმაციულ გზაზე დარჩეს. ჩვენმა მთავრობამ ხაზი გაუსვა ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციებზე, კერძო სექტორზე ორიენტირებული ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობას და დაიწყო ინოვაციური ეკოსისტემის მშენებლობა. 2014 წლიდან ჩვენ ხელს ვუწყობთ ინოვაციების, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას, მხარს ვუჭერთ ინოვაციურ სტარტაპებს, მათ კონკურენტულ ზრდას. ასევე, ხელს ვუწყობთ თანამშრომლობას მეცნიერებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ღონისძიების მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საქმიანობაზე, რომელიც, ზოგადად IT სექტორის განვითარების გარდა, უზრუნველყოფს, მათ შორის, საფინანსო პროგრამებზე წვდომას. ასევე მან ისაუბრა ამ კუთხით საქართველოს საფინანსო სექტორის საქმიანობაზე.

„ჩვენ ველით, რომ Fintech პროდუქტები გაზრდის კონკურენტუნარიანობას რეალურ ეკონომიკაში და დააახლოებს საცალო კლიენტებს ბიზნესთან. სარგებელი ამ სფეროებში ძალიან დიდია და საქართველოს, არის რა ევროკავშირის კანდიდატი (და SEPA-ის ქვეყანა, იმავე ნიშნით) ქვეყანა, ხელს უწყობს თავისი უნიკალური მდებარეობა, იყოს ხიდი ევროპასა და აზიას შორის. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვითანამშრომლებთ და წინ რა გზით წავალთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.