ლევან დავითაშვილმა ბუქარესტში მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, სადაც შავი ზღვის საერთო დღის წესრიგი დამტკიცდა
ლევან დავითაშვილმა ბუქარესტში მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, სადაც შავი ზღვის საერთო დღის წესრიგი დამტკიცდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ქალაქ ბუქარესტში გამართულ მინისტერიალში „საერთო საზღვაო დღის წესრიგი შავი ზღვისთვის“ მიიღო მონაწილეობა.

ევროკომისიისა და რუმინეთის მთავრობის ორგანიზებით გამართული მინისტერიალის ფარგლებში,  შავი ზღვის საერთო დღის წესრიგი დამტკიცდა, რომელიც შავი ზღვის აუზის ქვეყნებისა და ევროკომისიის აქტიური მონაწილეობით შემუშავდა. დოკუმენტი  მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ზღვის რესურსების მდგრად მართვას, შავი ზღვის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებას, ასევე ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მიზნით შესაბამისი კვლევების და ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებას.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ევროკომისია მოახდენს დაგეგმილი აქტივობების კოორდინაციას, ასევე შეიმუშავებს კონკრეტულ წინადადებებს დღის წესრიგის შესრულების უზრუნველსაყოფად.  დოკუმენტში ასახულია გამოწვევები და საჭიროებები, რაც შავი ზღვის აუზის ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს აქვს.

მინისტერიალში მონაწილეობდნენ ევროკომისარი გარემოს დაცვის, საზღვაო საქმეთა და მეთევზეობის საკითხებში – კარმენუ ველა, შავი ზღვის აუზის ქვეყნების გარემოსდაცვის მინისტრები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები.