ლევან დავითაშვილმა ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სოფლის მეურნეობისთვის გათვალისწინებულ დახმარებებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა
ლევან დავითაშვილმა ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სოფლის მეურნეობისთვის გათვალისწინებულ დახმარებებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განმარტება გააკეთა იმ დახმარებებთან დაკავშირებით, რომელიც ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სოფლის მეურნეობისთვის არის გათვალისწინებული.

„აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის პროგრამებს ჩვენ ვაგრძელებდით მთელი ამ დროის განმავლობაში. უბრალოდ ხაზგასასმელია, რომ დამატებითი კომპონენტები გაჩნდა. უპირველესად, ეს უკავშირდება სამელიორაციო მომსახურების საფასურისგან გათავისუფლებას და ეს არის ჰექტარზე 70 ლარი. ფაქტობრივად, ყველა იმ ფერმერისთვის, რომელიც სარგებლობს ირიგაციის მომსახურებით, ასევე დრენაჟის მომსახურებით, და ეს არის მნიშვნელოვანი შეღავათი ჩვენი ფერმერებისთვის.

მეორე – ძალიან მნიშვნელოვანია ახალი შესაძლებლობების გაჩენა ჩვენი ფერმერებისთვის, რომელიც უკავშირდება ერთწლიანი კულტურების მოყვანას. იცით, რომ მყისიერი ღონისძიება – ეს არის უკვე ერთწლიანი კულტურების მოყვანა, ეს არის ბოსტნეული თუ მარცვლეული კულტურები და აქ საბრუნავი საშუალებები ძირითადი ხელისშემშლელი პირობაა, რომელზე წვდომასაც ვუჩენთ ფერმერებს.

მისივე თქმით, აგროკრედიტის ფარგლებში გაჩნდა ახალი კომპონენტი, რომელიც ითვალისწინებს თანადაფინანსებას, საბანკო პროცენტის სრულ თანადაფინანსებას 5 000-დან 100 000 ლარამდე სესხებზე.

„გამოდის, რომ ფერმერებისთვის ხელმისაწვდომია ფაქტობრივად უფასო ფული ერთწლიანი პროდუქტების მოსაყვანად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ უზრუნველყოფის ნაწილში სახელმწიფო 50% თავდებად უდგება ფერმერებს იმისათვის, რომ უფრო მარტივი იყოს ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობა და მათ ადვილად შეძლონ კრედიტების აღება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ანტიკრიზისული გეგმის ნაწილია ის, რომ ჩვენ საპროცენტო განაკვეთები არსებულ სესხებზე შევცვალეთ. ასევე კონკრეტულ შემთხვევებში მიზნობრიობა გაიზარდა იმისათვის, რომ უფრო მეტი საქმიანობა იყოს დაფარული საკრედიტო რესურსით და უფრო მეტი იყოს ხელმისაწვდომობა ფულად რესურსებზე ჩვენი ფერმერებისთვის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.