ლევან დავითაშვილი - ყაზახეთთან უმაღლეს დონეზე გამართული თითოეული შეხვედრა დიდი ბიძგის მიმცემია ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებისთვის
ლევან დავითაშვილი - ყაზახეთთან უმაღლეს დონეზე გამართული თითოეული შეხვედრა დიდი ბიძგის მიმცემია ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებისთვის

ყაზახეთთან უმაღლეს დონეზე გამართული თითოეული შეხვედრა დიდი ბიძგის მიმცემია ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებისთვის, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ყაზახეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროს ყაზახეთთან მნიშვნელოვან ინვესტიციებსა და საინვესტიციო პროექტებზე აქვს მოლაპარაკებები.

„ყაზახეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალი სრულად არ გვაქვს ათვისებული ამ ქვეყანასთან. ამიტომ თითოეული შეხვედრა უმაღლეს დონეზე ძალიან დიდი ბიძგის მიმცემია ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებისთვის. დღესაც ჩვენ შეხვედრაზე დავფარეთ, ფაქტობრივად, ეკონომიკური თანამშრომლობის ყველა საკითხი, რომელიც ეხებოდა ვაჭრობას, ორივე ქვეყნიდან ვაჭრობის ზრდის დიდი პოტენციალი არსებობს და ამაზე პრემიერ-მინისტრებმა დეტალურად ისაუბრეს. ჩვენ ასევე განვიხილეთ თანამშრომლობა საინვესტიციო მიმართულებით და, მართლაც, საქართველოში ყაზახეთიდან წლების განმავლობაში ხორციელდება მნიშვნელოვანი ინვესტიციები, თუმცა ეკონომიკის სამინისტროს ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებსა და საინვესტიციო პროექტებზე მოლაპარაკებები აქვს  ყაზახეთთან. იმედი გვაქვს, ეს მზარდი ტენდენცია, რომელიც საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით გვაქვს ყაზახეთიდან, მომავალ წლებში შენარჩუნდება. ჩვენ განსაკუთრებით ველოდებით 2026-2027 წლებიდან იმ პროექტებში ინვესტიციებს, რომლებზეც ახლა მიმდინარეობს მუშაობა. ასევე ჩვენ შევეხეთ სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სფეროში თანამშრომლობას და აქაც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პოტენციალი ძალიან დიდია. ყაზახეთი და საქართველო, ორივე, ე.წ. შუა, ანუ ცენტრალური დერეფნის უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს. ამ კუთხით თანამშრომლობა რკინიგზებს და სხვადასხვა უწყებებს შორის არის ყოველდღიურ რეჟიმში. დღევანდელი შეხვედრის დროსაც აღინიშნა ამ შესაძლებლობების კიდევ უფრო ზრდის მნიშვნელობა. მაღალ დონეზე კოორდინაცია ხელს შეუწყობს ტვირთნაკადის ზრდას შუა დერეფანში, ზოგადად, საქართველოს მიმართულებით შუა აზიიდან დამატებით ტვირთების წამოსვლას, მათ შორის, საუბარია იმავე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან მულტიმოდალური სარკინიგზო გადაზიდვების ორგანიზებაზე. საუბარი გვქონდა ასევე ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე. მზარდია ტურისტული ნაკადი ყაზახეთიდან საქართველოში. 2024 წელს 180 000-ზე მეტი ვიზიტორი გვყავდა ყაზახეთიდან და იმედი გვაქვს, ეს ტენდენცია შენარჩუნდება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.