ლევან დავითაშვილი - წყალტუბოს 22 სანატორიუმის რეაბილიტაციით მივიღებთ 6 000 საწოლფონდს და შევძლებთ, 350 000-ზე მეტ ვიზიტორს ვუმასპინძლოთ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, დღეისთვის წყალტუბოში 10-ზე ნაკლები სასტუმრო ფუნქციონირებს, მათგან არც ერთი არ არის მაღალი კლასის ბრენდული სასტუმრო და იმისთვის, რომ კურორტმა მიიღოს უფრო მაღალი მსყიდველუნარიანი ტურისტი და მეტი შემოსავალი ტურიზმის ინდუსტრიიდან, საჭიროა მაღალი ხარისხის ბრენდული სასტუმროების განვითარება.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მიერ წარდგენილი საინვესტიციო პაკეტის შეთავაზების შემდეგ, მივიღებთ ისეთ ინვესტიციებს, როგორსაც ველით და როგორსაც იმსახურებს წყალტუბო. ყველა შეფასებით, ათჯერ გაიზრდება უძრავი ქონების ფასი და წყალტუბო გახდება მიმზიდველი საინვესტიციო ადგილი, სადაც განვითარდება არამხოლოდ სასტუმრო ობიექტები, არამედ ყველა ის დამხმარე ინფრასტრუქტურა, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიას სჭირდება“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
დავითაშვილის ინფორმაციით, საბოლოოდ წყალტუბოში მივიღებთ 6 000 საწოლფონდზე მეტს და ეს იქნება იმაზე მეტი, რაც ყველაზე პიკურ პერიოდში იყო ხელმისაწვდომი საწოლი ადგილები კურორტზე.