ლევან დავითაშვილი - ვნახე ელჩ ფიშერის განცხადება, საკმაოდ გულდასაწყვეტია, როდესაც პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი ასეთი ფორმით საუბრობს, რასაც ეკონომიკური საფუძველი ბოლომდე არ აქვს
ვნახე ელჩ ფიშერის განცხადება. საკმაოდ გულდასაწყვეტია, როდესაც პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი ასეთი ფორმით საუბრობს, რასაც ეკონომიკური საფუძველი ბოლომდე არ აქვს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა დიდწილად განპირობებულია იმ მნიშვნელოვანი რეფორმებით, რომლებიც წლების წინ ქვეყანამ გაატარა.
„მე ვნახე პეტერ ფიშერის განცხადება. საკმაოდ გულდასაწყვეტია, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი საუბრობს ასეთი ფორმით, რასაც ეკონომიკური საფუძველი ბოლომდე არ აქვს. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით რუსული ფაქტორის და ომის ფაქტორის ეფექტზე ჩვენს ეკონომიკაში და ამაზე პროფესიონალები თანხმდებიან, რომ, რა თქმა უნდა, ამას აქვს გარკვეული პოზიტიური ეფექტი. თუმცა ეს არის გადაჭარბებული, რომ საქართველოს ეკონომიკური პროგრესი ბოლო წლებში, და განსაკუთრებით ბოლო წელს, არის დაკავშირებული მხოლოდ ომთან და გეოპოლიტიკურ ვითარებასთან. მარტივად შემიძლია გითხრათ, ძალიან ბევრი ქვეყანა იმავე გეოგრაფიაში, რომელთაც უფრო ლიბერალური ეკონომიკური ურთიერთობები გააჩნიათ რუსეთთან, არ იზრდებიან იმავე ტემპით, როგორც იზრდება საქართველოს ეკონომიკა.
ჩვენ ბევრი შემზღუდავი ფაქტორი გაგვაჩნია. ამის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიის ქვეყნებთან მიმართებით. ამავე დროს, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შეფასება, რომ გავიზრდებით სწრაფად მომავალ წლებში, ამას ადასტურებს ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის პროგნოზებიც. ეს არის იმავე საერთაშორისო სავალუტო ფონდის საშუალოვადიანი პროგნოზი, რომ საქართველო უფრო სწრაფად გაიზრდება, ვიდრე იგივე დსთ-ის წევრი ქვეყნები. აქედან გამომდინარე, შეიძლება იყოს ეს ერთ-ორპროცენტიანი ეფექტი, რომელიც შუა დერეფნის როლს და მნიშვნელობას ზრდის; ტრანსპორტის და ლოგისტიკის სფეროში აქტივობებს ზრდის. ეს, რა თქმა უნდა, არის პოზიტიური ფაქტორი ჩვენი ეკონომიკისთვის, მაგრამ, დიდწილად, საქართველოს ეკონომიკური ზრდა განპირობებულია იმ მნიშვნელოვანი რეფორმებით, რომლებიც წლების წინ გავატარეთ“, – განაცხადა დავითაშვილმა.
ლევან დავითაშვილი ქართული ბაზრიდან „ჰაიდელბერგ ცემენტის“ გასვლაზე პეტერ ფიშერის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამას ქვეყნის პოლიტიკასთან ლოგიკური კავშირი არ აქვს.
„ლოგიკური კავშირი არ არსებობს „ჰაიდელბერგ ცემენტის“ საქართველოში ყოფნასა და არყოფნას შორის საქართველოს პოლიტიკასთან. „ჰაიდელბერგ ცემენტის“ რებრენდინგი მოხდა რამდენიმე თვის წინ. დამფუძნებლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, კომპანიის დღევანდელი სახელი არის „ჰანიველ ცემენტი“. კომპანიაში, როგორც მფლობელი, ინვესტორი „ჰაიდელბერგი“ წარმოდგენილი არ არის, მაგრამ კომპანიის თანამშრომლობა „ჰაიდელბერგის“ ჯგუფთან გრძელდება ტექნიკური თანამშრომლობის კუთხით. მათ აქვთ სტრატეგიული თანამშრომლობა და ეს თანამშრომლობა გრძელვადიან პერსპექტივაში, მე ვფიქრობ, შენარჩუნებული იქნება. „ჰაიდელბერგმა“ თავის დროზე ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, მას დღესაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს, მათ შორის, სამშენებლო სექტორის სწორად განვითარებაში, ხარისხიანი ადგილობრივი პროდუქციის წარმოებაში და ა.შ. ეს კომპანია დღეს ოპერირებს რუსეთში, ასე რომ, ეს პოლიტიკასთან ვერანაირ კავშირში ვერ იქნება“, – აღნიშნა დავითაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა: „საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა მალე შეიცვლება, რადგან უკრაინაში შექმნილმა პროცესებმა შექმნა ის ფაქტორები, რამაც ეკონომიკა გაზარდა, თუმცა ეს დროებითია“.