ლევან დავითაშვილი - ვიქნები თუ არა მინისტრთა კაბინეტში, ეს გუნდის გადასაწყვეტია
ლევან დავითაშვილი - ვიქნები თუ არა მინისტრთა კაბინეტში, ეს გუნდის გადასაწყვეტია

მოქნილი და კონსოლიდირებული მცირე მთავრობის კონცეფციაა წარმოდგენილი, სადაც გადაწყვეტილების მიღება და აღსრულება უნდა იყოს სწრაფი და ეფექტიანი, – ამის შესახებ გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკისა და აღსრულების რგოლი სწორად გამიჯნული და ჩაშლილი უნდა იყოს სამინისტროებში.

„რაც შეეხება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ერთად ყოფნის საკითხს, ჩვენ დიდი მუშაობა გავწიეთ ამ უწყებების გაერთიანებისათვის. გარემოს დაცვის მიმართულება მნიშვნელოვნადაა გაძლიერებული. ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა მწვანე ეკონომიკის შექმნა და გარემოს დაცვის საკითხების პრიორიტეტიზაცია, განვითარება, ეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმაც განაცხადა. სხვანაირად ეკონომიკის განვითარება წარმოუდგენელია“, – განაცხადა დავითაშვილმა.

კითხვაზე, იქნება თუ არა ლევან დავითაშვილი მინისტრთა კაბინეტში, გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ეს გუნდის გადასაწყვეტია.

„ბუნებრივია, მე და მამუკა ბახტაძე ვმუშაობთ ერთ გუნდში. რამდენიმე თვეა გვაქვს ერთად მუშაობის გამოცდილება. ჩემთვის დიდი პატივი იქნება მუშაობა გუნდთან ერთად, მაგრამ ესაა გუნდის გადასაწყვეტი. მე ვარ გუნდის წევრი და რა პოზიციაზეც დასჭირდება მას ჩემი თავი, მზად ვარ ამ პოზიციაზე ვიმუშავო“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.