ლევან დავითაშვილი - უვიზო რეჟიმი დამატებითი სტიმულია ჩინეთის ტურისტული კომპანიებისთვის, რათა საქართველო ტურისტულ ადგილად განიხილონ, ვიმედოვნებთ, მალე ხელშესახები შედეგები გვექნება
ლევან დავითაშვილი - უვიზო რეჟიმი დამატებითი სტიმულია ჩინეთის ტურისტული კომპანიებისთვის, რათა საქართველო ტურისტულ ადგილად განიხილონ, ვიმედოვნებთ, მალე ხელშესახები შედეგები გვექნება

ჩინეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმების ინიციატივა მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხის ეკონომიკური ნაწილი, რადგან ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით ეკონომიკურ პოლიტიკას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ტურიზმთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჩინეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე პოტენციური მიმართულება სწორედ ტურისტული სექტორია.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ნაბიჯები, რომლებიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ითვალისწინებს. ჩინეთი მსოფლიოში ყველაზე დიდი, ალბათ ყველასთვის სასურველი ტურისტული ბაზარია. ყოველწლიურად, ჩინეთიდან სხვადასხვა ქვეყანას 150 მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს და მათი დანახარჯები დაახლოებით 300 მლრდ დოლარამდე შეადგენს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ბაზრის მნიშვნელოვანი წილი საქართველოზეც მოდიოდეს. დღეს ის მინიმალურია, ფაქტობრივად, არ გვაქვს, მაგრამ თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად მნიშვნელოვანი ნაკადების და ერთ-ერთი ახალი ტურისტული ბაზრის სათანადოდ ათვისების იმედი გვაქვს“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ჩინეთში ვიზიტის შემდეგ გაკეთდა დეტალური ანალიზი, როგორ შეიძლება მომხდარიყო ტურისტული პოტენციალის უკეთესად გამოყენება. მინისტრის განმარტებით, ამ გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბარიერი სწორედ სავიზო რეჟიმი იყო.

როგორც ეკონომიკის მინისტრი აღნიშნავს, გათვალისწინებული იქნა რამდენიმე ევროპული ქვეყნის მაგალითი, რომელთაც წარმატებით შეძლეს ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდა სავიზო რეჟიმის გაუქმების პირობებში.

რაც შეეხება უვიზო რეჟიმის დეტალებს, ლევან დავითაშვილის განმარტებით, ის უკვე დღეიდან შედის ძალაში და ჩინეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ. ლევან დავითაშვილის თქმით, ერთი შემოსვლისთვის ვადა 30-დღიანია, რაც, მისივე შეფასებით, ტურიზმისთვის აბსოლუტურად მისაღები რიცხვია.

„უვიზო რეჟიმი დამატებითი სტიმულია ჩინეთის ტურისტული კომპანიებისთვის, რათა საქართველო განიხილონ, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილი. მთავრობის სხდომის დღევანდელი გადაწყვეტილება ამ თანმიმდევრული გეგმის ნაწილია და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს ხანებში უკვე ხელშესახები შედეგები გვექნება. ამასთან, მიმდინარეობს ჩინეთთან უფრო მეტი პირდაპირი ავიარეისის საკითხზე მუშაობა, თუმცა მეტი ფრენები ვერ შედგება, თუ არ იქნება საქართველოს მეტი ცნობადობა და ჩვენი ქვეყნით დაინტერესება. ამაზე გვქონდა საუბარი ჩინელ კოლეგებთან და პარტნიორებთან, რომ საჭიროა შესაბამისი მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, დაფინანსება და განხორციელება, რათა ტურისტული დანიშნულების ქვეყანა – საქართველო ჩინეთში უფრო პოპულარული გახდეს“, – აცხადებს ვიცე-პრემიერი.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ამ კუთხით აქტიურად იმუშავებს. მინისტრის განმარტებით, ასევე, იგეგმება მუშაობა ჩინელ პარტნიორებთან ერთად, რათა ეს იყოს მიზნობრივი, უფრო შედეგზე ორიენტირებული კამპანიები და არა ზოგადად, ქვეყნის ცნობადობის ამაღლება, რათა მოხდეს მიზნობრივი ჯგუფების მობილიზება და საქართველოთი დაინტერესება.