ლევან დავითაშვილი - თხილთან დაკავშირებული პრობლემები მხოლოდ ფაროსანასგან არ არის გამოწვეული
ლევან დავითაშვილი - თხილთან დაკავშირებული პრობლემები მხოლოდ ფაროსანასგან არ არის გამოწვეული

პრობლემები, რომლებიც ბოლო პერიოდში თხილთან მიმართებით გვაქვს, მხოლოდ ფაროსანასგან არ არის გამოწვეული და ვფიქრობ, მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე დარწმუნდა, რომ თხილის მოვლის გარეშე მოსავლის მიღების შანსი ძალიან ცოტა იქნება, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“ განაცხადა.

„არის აღქმა, რომ ფაროსანა მხოლოდ თხილის მავნებელია, რადგან დასავლეთ საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც მავნებელია გავრცელებული, ფაროსანას პირველი საკვები თხილის კულტურაა და ის შემდგომში გადაინაცვლებს სხვადასხვა კულტურაში, რომლებიც სეზონურად წამოეწევა. თუმცა, პრობლემები, რომლებიც ბოლო პერიოდში თხილთან მიმართებით გვაქვს, მხოლოდ ფაროსანასგან არ არის გამოწვეული. თხილი ისეთივე სასოფლო-სამეურნეო კულტურაა, როგორიც ნებისმიერი სხვა მრავალწლიანი ხილის კულტურა და მას არამხოლოდ მწერისგან დაცვა, არამედ სხვა დაავადებებისგან დაცვაც სჭირდება. გარდა ამისა, ფაროსანა მხოლოდ თხილის მავნებელი არ არის და ის ფაქტობრივად, ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურას ერჩის“, – განაცხადა დავითაშვილმა.

ამ განცხადებით ლევან დავითაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, არსებობს თუ არა დივერსიფიცირების საჭიროება, რომ მსგავსმა მავნებელმა ტრაგიკული შედეგი არ გამოიღოს, რადგან კარგი ფასის გამო, ადამიანებმა თხილის ბაღები გააშენეს, რაც გარკვეულ რეგიონებში თავის რჩენის ლამის ერთადერთი საშუალება გახდა და სხვა კულტურების მოყვანაზე უარი თქვეს.

მისი თქმით, ფაროსანა გამოწვევაა, მათ შორის ბევრ ევროპულ ქვეყანაში, რადგან ის ახალი მავნებელია და მას ამ გარემოში ბუნებრივი მტერი არ ჰყავს, რომელიც მის პოპულაციას დაარეგულირებს.

„ამიტომ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა ფაქტობრივად ქიმიური, მექანიკური და იმ საშუალებებით გვიწევს, რომელიც შეიძლება, გაგვაჩნდეს. ფაროსანა იყო ისეთი გამოწვევა, რომელზეც საერთაშორისო ორგანიზაციებს გამოცდილება ჯერ არ ჰქონდათ დაგროვილი, ბრძოლის კონკრეტული პროტოკოლები არ არსებობდა და ა.შ. ჩვენ ფაქტობრივად საკუთარი გამოცდილების დაგროვება მოგვიწია, მიუხედავად იმისა, რომ პირველივე დღიდან ამ მავნებელთან ბრძოლის ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე ქვეყნიდან, აშშ-იდან ყველაზე გამოცდილი ექსპერტები გვყავდა მოწვეული“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ 2017 წელი საინტერესო ბრძოლის წელი იყო, იყო ბევრი გამარჯვებაც და დამარცხებაც, 2018 წელი კი მავნებელთან ბრძოლის კუთხით განსაკუთრებით შედეგიანი იყო, რადგან გეოგრაფიის ლოკალიზება და მავნებლის პოპულაციის შემცირება მოხერხდა.