ლევან დავითაშვილი - ტერმინის „რუსული კანონი“ გამოყენება არასწორი და არაკორექტულია, არის მიზანმიმართული მცდელობა, რომ ადგილობრივი თუ საერთაშორისო საზოგადოება შეცდომაში შევიდეს
ლევან დავითაშვილი - ტერმინის „რუსული კანონი“ გამოყენება არასწორი და არაკორექტულია, არის მიზანმიმართული მცდელობა, რომ ადგილობრივი თუ საერთაშორისო საზოგადოება შეცდომაში შევიდეს

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ქვეყნის ხელისუფლების ურთიერთობაზე აშშ-ისა და ევროპის პოლიტიკურ წრეებთან, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და მათ დამოკიდებულებაზე კანონზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია.

„ჩვენ სტრატეგიულ თანამშრომლობას და პარტნიორობას გავაგრძელებთ მომავალ წლებშიც და ეს თანამშრომლობა, დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება და კიდევ უფრო პროდუქტიული იქნება და მოემსახურება ორი ქვეყნის ინტერესებს. თანამშრომლობა დამყარებული იქნება ნდობასა და პატივისცემაზე. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ კონკრეტული ინიციატივა, რომელიც კონგრესის გარკვეული წევრების მხრიდან მოდიოდა, ალბათ არ იქნება მიღებული. მოვლენებს ნუ გავასწრებთ წინ. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის ის ფორმა, რომლითაც პარტნიორები ერთმანეთთან თანამშრომლობენ ან ურთიერთობენ. როდესაც მასობრივად ხდება ადამიანების არასწორი ინფორმირება, ტერმინის დამკვიდრება, ეს გამეორებულ იქნა სხვადასხვა პოლიტიკოსის მიერ. თუმცა, სამწუხაროდ, არ იყო შინაარსზე მსჯელობა, მათ შორის, პრინციპულ განსხვავებებზე, რომელზეც პრემიერმა ისაუბრა ძალიან დეტალურად და ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვის ძალიან მკაფიოდ არის გასაგები“, – აღნიშნა მინისტრმა.

დავითაშვილის განცხადებით, კანონი ცალსახად არ არის რუსული. მას კავშირი არ აქვს რუსულთან. ლევან დავითაშვილის განცხადებით, კანონის „რუსულად“ მონათვლა იყო საზოგადოების, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული მცდელობა.

მისი თქმით, ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომ შესაძლებელი იქნებოდა კანონის შინაარსობრივი განხილვა-გადახედვა, მაგრამ ქართულ მხარეს მათგან მსგავსი არგუმენტები არ მიუღია. მან ასევე გააკრიტიკა ცალკეული მედიასაშუალებების წარმომადგენლები, რომ ისინი მიზანმიმართულად ამკვიდრებენ ტერმინს „რუსული კანონი“ და ამით შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება.

„საქართველოს ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესია მშვიდობა და სტაბილურობა იმისთვის, რომ მოხდეს ეკონომიკური წინსვლა და განვითარება და ამას, ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლება, მოსახლეობასთან ერთად, საკმაოდ კარგად აღწევს“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან სამაგალითო, საუკეთესო თანამშრომლობა აქვს.