ლევან დავითაშვილი თბილისის აკვაპარკსა და სასტუმროს მართვაში მსხვილი ბაჰრეინული მართვის კომპანიის შემოსვლის შეთანხმების ხელმოწერას დაესწრო
ლევან დავითაშვილი თბილისის აკვაპარკსა და სასტუმროს მართვაში მსხვილი ბაჰრეინული მართვის კომპანიის შემოსვლის შეთანხმების ხელმოწერას დაესწრო

ბაჰრეინის წამყვანი საერთაშორისო სასტუმრო სექტორის მიმწოდებელი კომპანია Gulf Hotels Group საქართველოს ბაზარზე იწყებს ოპერირებას. ხელშეკრულების ხელმოწერას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ხელმოწერის ცერემონია თბილისში, კომპანია „ჯინო ჰოლდინგის“ კუთვნილი აკვაპარკის ტერიტორიაზე გაიმართა. ხელშეკრულების თანახმად, Gulf Hotels Group აკვაპარკისა და კომპლექსში მდებარე ახლად აშენებული სასტუმროს მართვას განახორციელებს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს კომპანია N&G-ის დამფუძნებელმა ნოდარ გიორგაძემ და Gulf Hotels Group-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ფარუკ ალმოაიდმა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი მიესალმა საქართველოში ტურისტული სერვისების მიმწოდებელი მსხვილი ბაჰრეინული კომპანიის შემოსვლას, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივ ბაზარზე სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობის ზრდას. ვიცე-პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოში განსაკუთრებით უნდა გაიზარდოს ტურისტული სერვისების ხარისხი, რაც ქვეყანაში უფრო მეტ შემოსავალს დააგენერირებს. მისი თქმით, ამ ამოცანის შესასრულებლად მნიშვნელოვანია ისეთი კომპანიების შემოსვლა, რომელიც მსოფლიოში ცნობილია მაღალი ტურისტული მომსახურებით.

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ  ადგილობრივი პერსონალი, რომელიც თბილისში, აკვაპარკის ტერიტორიაზე 4-ვარსკვლავიანი Gulf Aquamarine Hotel-ში დასაქმდება, თბილისის ობიექტისთვის არასეზონის დროს Gulf Hotels Group-ის სხვა სასტუმროებში შეძლებენ დასაქმებას. აღნიშნულ ობიექტზე იგეგმება 500 ადამიანის დასაქმება.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მედეა ჯანიაშვილი.