ლევან დავითაშვილი - სლოვაკეთი ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს ურყევი მხარდამჭერია და მასთან ეკონომიკური, კულტურული, პოლიტიკური ურთიერთობების გამყარება ძალიან მნიშვნელოვანია
სლოვაკეთი საქართველოს ურყევი მხარდამჭერია ევროინტეგრაციის პროცესში. სლოვაკეთი ყველა პლატფორმაზე აფიქსირებს საქართველოს მხარდაჭერას და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სლოვაკეთთან ეკონომიკური, კულტურული, პოლიტიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გამყარება, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
დავითაშვილმა სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში გამართულ ქართულ-სლოვაკურ მეგობრობის საღამოში მიიღო მონაწილეობა.
როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, სლოვაკეთთან ინტენსიური ეკონომიკური ურთიერთობა გასული წლიდან დაიწყო.
„ვხედავთ, რომ დღითი დღე იზრდება საინვესტიციო აქტივობა სლოვაკეთიდან საქართველოში. სლოვაკეთთან განხილვისა და განხორციელების სხვადასხვა ეტაპზეა ძალიან ბევრი პროექტი, რომელიც ქვეყნებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას ეხება“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ღონისძიებას ასევე დაესწრნენ სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი იურაი ბლანარი და საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, აგრეთვე სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქვაჩაკიძე, „იბერია ბიზნეს ჯგუფის“ დამფუძნებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი და „ჯინო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ნოდარ გიორგაძე. ქართულ-სლოვაკური მეგობრობის საღამო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცებას ისახავდა მიზნად. საღამოს ესწრებოდნენ სლოვაკი ინვესტორები, რომლებიც საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სპორტშიც, მრავალმილიონიანი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავენ. ქართულ-სლოვაკური საღამო სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით მოეწყო.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.