ლევან დავითაშვილი - სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისში აგრარული ბაზრების ფუნქციონირება ეტაპობრივად განახლდება
ლევან დავითაშვილი - სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისში აგრარული ბაზრების ფუნქციონირება ეტაპობრივად განახლდება

სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისში აგრარული ბაზრების ფუნქციონირება ეტაპობრივად აღდგება, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დავითაშვილმა აგრარული ბაზრების მუშაობის განახლებაზე ისაუბრა და სათანადო მოთხოვნებისა და რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

„ქვემო ქართლში გვქონდა რამდენიმე დღის წინ გარკვეული უთანხმოებები მოსახლეობასთან,  იყო ადგილზე ასეთი პრობლემები, რომელიც დარეგულირდა ადგილობრივ მწარმოებლებთან სახელმწიფოს კომუნიკაციით და ჩარევით. შედგა მყიდველებსა და გამყიდველებს შორის კავშირი და ასევე სპეციალური ფორმატის მოწყობა საბითუმო ბაზრის სახით კონკრეტულად მარნეულის მუნიციპალიტეტში.

ასევე დანარჩენ მუნიციპალიტეტებში, მათ შორის ქალაქ თბილისში ეტაპობრივად მოხდება იმ აგრარული ბაზრების ფუნქციონირების აღდგენა, რომელიც ამ მომენტისთვის არ მუშაობდა. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ზოგიერთი აგრარული ბაზარი მუშაობდა გაწერილი, ძალიან მკაფიო წესების დაცვით“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, ბაზრები რომლებიც აკმაყოფილებენ ახალ სტანდარტებს,  კავშირში არიან სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან.

„საბოლოოდ გადაწყვეტილებას სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად იღებენ ადგილზე მოქმედი შტაბები, რომლებიც თითოეულ რეგიონში გუბერნატორების ხელმძღვანელობით არის შექმნილი. ეს არის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც საინტერესოა აგრარული ბაზრების ოპერატორებისთვის და ასევე მნიშვნელოვანია მოვაჭრეებისა და მყიდველებისთვის“, – განაცხდა ლევან დავითაშვილმა.