ლევან დავითაშვილი - სიტუაცია სტაბილურია, აღარ არის რიგები, სავაჭრო ქსელები მუშაობს შეუფერხებლად და პროდუქტი მიეწოდება ბაზარს
ლევან დავითაშვილი - სიტუაცია სტაბილურია, აღარ არის რიგები, სავაჭრო ქსელები მუშაობს შეუფერხებლად და პროდუქტი მიეწოდება ბაზარს

სიტუაცია სტაბილურია, აღარ არის რიგები, სავაჭრო ქსელები მუშაობს შეუფერხებლად და პროდუქტი მიეწოდება ბაზარს, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანაში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭო ჩამოყალიბდა სწორედ იმისათვის, რომ ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესი იყოს სწორად მართული და კოორდინაცია იყოს მაღალი ხარისხის.

„დღეს არსებულ ვითარებაში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება არის მოსახლეობის სურსათით და პირველადი მოხმარების პროდუქტებით მომარაგების უწყვეტობა, მარაგების არსებობა. მთელ რიგ ქვეყნებში იყო შეფერხებები მიწოდებაში. ხშირ შემთხვევებში, ამის მიზეზი პანიკური შესყიდვებია. ჩვენთან პროცესები სწორად იყო მართული და, შესაბამისად, შეფერხება მიწოდებაში არ გვქონია, თუმცა იყო გარკვეული უხერხულობები – რიგები, პანიკური მოთხოვნა, რომელიც ფასების სპეკულაციური ზრდის ცდუნების საფრთხეს ქმნიდა ბაზარზე.

დღეისათვის სიტუაცია სტაბილურია – აღარ არის რიგები, სავაჭრო ქსელები მუშაობს შეუფერხებლად და პროდუქტი მიეწოდება ბაზარს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, იმ განცხადებების გათვალისწინება და აღსრულება, რომელიც სამთავრობო სტრუქტურებიდან კეთდება, რადგან მხოლოდ ასე შევძლებთ კოორდინირებულ მოქმედებას.

რაც შეეხება მარაგებს, სამინისტრო უწყვეტ მონიტორინგს ვახორციელებთ ხორბალზე და ყველა იმ პროდუქტზე, რაც მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ აუცილებელია, მათ შორის, ზეთი, ბურღულეული პროდუქტი, მშრალი პროდუქტები, ცილოვანი პროდუქტები, ხორცპროდუქტები და ა.შ. ქვეყანაში მარაგები საკმარისია. პროცესი კონტროლდება, რათა ბაზარზე წყვეტა არ იყოს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, ეს არ არის მარტივი პროცესი, რადგან რთულ ვითარებაში იმყოფება მთელი მსოფლიო.

„შესაბამისად, მოწოდებაში შეფერხებები შეიძლება იყოს, რადგან ცალკეულ ქვეყნებს შეექმნათ პრობლემები. სწორედ ამიტომ არის ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად კონცენტრირებული ყურადღება; ჩვენ ვმუშაობთ მოწოდების ალტერნატიულ წყაროებზე, რეგულარულად ვხვდებით და ვმუშაობთ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, ვახდენთ შიდა რესურსების მობილიზებას. ეს არის პროცესი, რომელიც ამ რთული პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება იმისთვის, რომ მოსახლეობას არ შეექმნას შეფერხება და არ გაუჩნდეს დამატებითი საზრუნავი ისედაც რთულ ვითარებაში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დატოვე კომენტარი