ლევან დავითაშვილი - შვეიცარიის განვითარების სააგენტო საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დონორია
ლევან დავითაშვილი - შვეიცარიის განვითარების სააგენტო საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დონორია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) გენერალური დირექტორის თანაშემწეს, აღმოსავლეთ ევროპასთან თანამშრომლობის განყოფილების უფროსს, რუთ ჰუბერს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა საქართველოში აგრარული დარგის პოტენციალზე და იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც სახელმწიფოსა და დონორო ორგანიზაციების, მათ შორის, შვეიცარიის განვითრებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით ხორციელდება.

„შვეიცარიის განვითარების სააგენტო საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დონორია. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სააგენტო განსაკუთრებით აქტიურად მუშაობს სოფლის მეურნეობის და გარემოსდაცვითი მიმართულებით. ჩვენ ბევრი ძალიან წარმატებული ერთობლივი პროგრამა გვაქვს განხორციელებული. დღეს ვისაუბრეთ იმ გეგმებზე, რომლებსაც სამინისტრო და შვეიცარიის განვითარების სააგენტო საქართველოში განახორციელებს. პირველ რიგში ეს უკავშირდება მეცხოველეობის სექტორის წახალისებას, მათ შორის, ცხოველთა იდენტიფიკაცია/რეგისტრაციას, სხვა მხარდამჭერ პროექტებს, რომელიც ქვეყანას სოფლის განვითარებაში დაეხმარება“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა შვეიცარიის მხარეს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს.

„თქვენ ხართ წარმატების საუკეთესო მაგალითი. თქვენი გამოცდილების გაზიარება და ის მხარდაჭერა, რაც გვაქვს როგორც მეცხოველეობის დარგის განვითარების, ასევე პროფესიული განათლებისა და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების გაძლიერების მიმართულებით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც რუთ ჰუბერმა შეხვედრის შეფასებისას აღნიშნა, ბევრი გამოწვევის პარალელურად, არსებობს ბევრი კარგი ინიციატივაც, რომლებსაც ისინი მიესალმებიან და მხარს უჭერენ.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ქვეყანაში მცირე მეწარმეობის განვითარებას და ქართველი ფერმერების პროდუქტიულობის ამაღლებას, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას, გადამმუშავებელი საწარმოების შესაძლებლობების განვითარებას და ღირებულებათა ჯაჭვის შექმნას. ჩვენი დახმარება ასევე მოიცავს ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების – ექსტენციის განვითარებას და სოფლის მეურნეობაში სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მოდელის დანერგვას. სამინისტროსთვის ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ საკითხს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია წარმოადგენს, რომლის ფინანსურ მხარდაჭერასაც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საშუალებით ვახორციელებთ“, – განაცხადა რუთ ჰუბერმა.

შეხვედრას შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პატრიკ ფრანცენი, სამხრეთ საქართველოში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) რეგიონული დირექტორი ოლივიე ბურკი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ესწრებოდნენ.