შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული 8 000 000 ლარამდე ოდენობის დავალიანება, რომელიც 2012-2019 წლებში წარმოიქმნა, სრულად ჩამოეწერება 42 000 ფერმერს
შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული 8 000 000 ლარამდე ოდენობის დავალიანება, რომელიც 2012-2019 წლებში წარმოიქმნა, სრულად ჩამოეწერება 42 000 ფერმერს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 42 000 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სრულად ჩამოეწერება შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული 8 000 000 ლარამდე ოდენობის დავალიანება, რომელიც 2012-2019 წლებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სამელიორაციო მომსახურების შედეგად წარმოიქმნა.

„აღნიშნული დავალიანება ფერმერებს ჩამოეწერებათ ავტომატურად. ამასთანავე, 42 ათასზე მეტი ფერმერი 2020 წელს სამელიორაციო მომსახურების საფასურისგან გათავისუფლდება, რაც ერთ ჰექტარზე 75 ლარამდე გადასახადს გულისხმობს და ჯამში ხუთ მილიონ ლარს შეადგენს. დახმარება განკუთვნილია ყველა ფერმერისთვის, ვინც სარგებლობს ირიგაციისა და დრენაჟის მომსახურებით 10 ჰექტარამდე მიწის ფართობზე. აღმოსავლეთ საქართველოში ირიგაციის საფასური ერთ ჰექტარზე 75 ლარია, დასავლეთ საქართველოში – ერთ ჰექტარზე 45 ლარი, დრენაჟის – 40 ლარი. 10 ჰექტარზე მეტი სავარგულის შემთხვევაში, მფლობელი გადაიხდის მხოლოდ სხვაობის საფასურს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული შეღავათით სარგებლობისთვის ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა უნდა გააფორმოს განაცხადი სამელიორაციო მომსახურებაზე, სადაც იქნება გაწერილი, რამდენი ჰექტარი მიწა აქვს და რა პერიოდში ესაჭიროება მომსახურება.