ლევან დავითაშვილი - სოციალურად დაუცველებისთვის საზოგადოებრივი სამუშაოები საჯარო სექტორში დასაქმებას არ გულისხმობს და მიბმული არ არის საჯარო სექტორში დასაქმებულების ზრდასთან
ლევან დავითაშვილი - სოციალურად დაუცველებისთვის საზოგადოებრივი სამუშაოები საჯარო სექტორში დასაქმებას არ გულისხმობს და მიბმული არ არის საჯარო სექტორში დასაქმებულების ზრდასთან

ვიცე-პრემიერის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირებისთვის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამა არ გულისხმობს საჯარო სექტორში დასაქმებას.

აღნიშნული კომენტარით ლევან დავითაშვილმა უპასუხა საქართველოს პირველი არხის შეკითხვას: „პროგრამის ფარგლებში საუბარია 200 000 სამუშაო ადგილზე. ხომ არ შეიძლება, ამან გამოიწვიოს საჯარო უწყებებში შტატების ხელოვნური ზრდა, რამდენად გაქვთ ეს რისკი გათვლილი“.

დავითაშვილის თქმით, „საზოგადოებრივი სამუშაოები არის ცალკე კატეგორია და ის მიბმული არაა საჯარო სექტორში დასაქმებულების ზრდასთან, გაბერილ შტატებთან თუ კადრებთან“.

„რა თქმა უნდა, ეს არ გამოიწვევს საჯარო სექტორში დასაქმების ზრდას. ეს არ გულისხმობს საჯარო სექტორში დასაქმებას. საზოგადოებრივი სამუშაოები არის ცალკე კატეგორია, რომელიც არის ყველა ქვეყანაში, სადაც ასეთი პროექტები ხორციელდება. ამას ჰქვია საზოგადოებრივი სამუშაოები. დაფინანსების წყარო იქნება ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან. შესაბამისად, ეს რა თქმა უნდა, მიბმული არ არის საჯარო სექტორში დასაქმებულების ზრდასთან, გაბერილ შტატებთან თუ კადრებთან. პირიქით, ამ ადამიანების საზოგადოებრივი საქმიანობით ინტეგრირება მოხდება ისეთ უწყებებში, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამა თუ იმ საჯარო ფუნქციის შესრულებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიანი პირებისთვის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამა პირველი მარტიდან დაიწყება.