ლევან დავითაშვილი - საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მაღალი დონის სტანდარტების შენარჩუნება ჩვენი ამოცანაა
ლევან დავითაშვილი - საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მაღალი დონის სტანდარტების შენარჩუნება ჩვენი ამოცანაა

საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მაღალი დონის სტანდარტების შენარჩუნება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი ამოცანაა, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა თბილისში ცნობილი რესტორნების შემოწმების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, არავის მიზანია ბიზნესის დაზარალება. ამასთან, საზოგადოებრივი კვების ობიექტები პოპულარულია, როგორც ადგილობრივებს, ასევე, უცხოელებს შორის და მათი შემოწმება რეგულარულად ხდება.

„სამართლიანად და ობიექტურად შევხედოთ სიტუაციას. არავის მიზანი არ არის ბიზნესის დაზარალება, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და მომავალში გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეული ბიზნესის რეპუტაცია იყოს შენარჩუნებული. თუმცა ამავდროულად, ჩვენ სამსახურს, სურსათის ეროვნულ სააგენტოს აქვს თავისი ამოცანები. ისინი არ იქნებიან მართლები მოსახლეობის და საკუთარი საქმიანობის წინაშე, თუ არ შეასრულებენ თავიანთ მოვალეობას. საზოგადოების კვების ობიექტები არის პოპულარული დანიშნულების ადგილები, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე, ქვეყნის სტუმრებისთვის. შესაბამისად, იქ მაღალი დონის სტანდარტების შენარჩუნება არის ჩვენი ამოცანა. ამიტომ ობიექტურად შევხედოთ პროცესს. ჩვენ ახლა არ ვიწყებთ შემოწმებას, რამდენიმე წელია რეგულარულად ვატარებთ შემოწმებებს. მათ შორის, ქალაქის ცენტრში პოპულარულ რესტორნებშიც“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა საზოგადოებრივი კვების ობიექტები, მათ შორის თბილისის ცნობილი რესტორნები შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, დოკუმენტური შემოწმება და ინსპექტირება ჩატარდა 19 რესტორანსა და კაფე-ბარში. მათ შორის, 7 მათგანს კრიტიკული შეუსაბამობების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა. კრიტიკულია შეუსაბამობა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და მისი აღმოფხვრა კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე შეუძლებელია.

სხვადასხვა დარღვევის, მათ შორის, ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე ხორცის რეალიზაციის, ეტიკეტირების წესისა და მიკვლევადობის დარღვევის, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონის გამო,  დაჯარიმდა 9 ბიზნესოპერატორი, დადებითი მდგომარეობა დაფიქსირდა სამ რესტორანში.