ლევან დავითაშვილი - სასურსათო პროდუქტებზე პერსპექტივაში ფასების კლებას ველოდებით, ინფლაციური წნეხი, რომელიც ჩვენთვის ძალიან მძიმეა, დაიწევს
ლევან დავითაშვილი - სასურსათო პროდუქტებზე პერსპექტივაში ფასების კლებას ველოდებით, ინფლაციური წნეხი, რომელიც ჩვენთვის ძალიან მძიმეა, დაიწევს

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ 9 ძირითადი მოხმარების პროდუქტზე ფასის სუბსიდირება დაიწყო, ამ პროდუქტებზე ფასის ზრდა შედარებით მცირე იყო, ვიდრე სურსათის სხვა სახეობებზე.

ლევან დავითაშვილის განმარტებით, სამინისტრო ზუსტი ინფორმაციის მიღების მიზნით, სასურსათო ობიექტებზე მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს.

„არასოდეს არ იყო საუბარი, რომ ჩვენ ფასის დაზღვევას ვახდენდით. ჩვენ ვახდენდით საკურსო სხვაობის დაზღვევას ბიზნესებისთვის იმ შემთხვევაში, თუ ისინი ფასს არ გაზრდიდნენ. ორი მიზანი გვქონდა. ერთი მიზანი იყო ის, რომ რეგიონში სავაჭრო შეზღუდვების პირობებში შეგვექმნა დამატებითი მოტივაცია, მარაგები შემოსულიყო ქვეყანაში, რომ ქვეყანაში ფიზიკური დეფიციტი არ ყოფილიყო.

ეს იყო წამახალისებელი ღონისძიება. ფასის დაფიქსირება ამ შემთხვევაში ვერანაირად შესაძლებელი ვერ იქნებოდა, ამას ფიზიკურად მთელი ბიუჯეტი არ ეყოფოდა, მაგრამ ეს იქნებოდა შემარბილებებლი ეფექტი, რამაც მოგვცა შეღავათი. ჩვენი შეფასებით, იმ პროდუქტების კალათა, სადაც ჩვენ გვქონდა ინტერვენცია, შედარებით ნაკლებად გაძვირდა, ვიდრე დანარჩენი სასურსათო პროდუქცია“, – განცხადა ლევან დავითაშვიმა.

რაც შეეხება სურსათზე ფასების სამომავლო პერსპექტივას, მინისტრის განმარტებით, ბაზარზე ფასების კლებაა მოსალოდნელი.

როგორც ლევან დავითაშვილი ცხადებს, ნელ-ნელა ბაზარზე შემოვა ადგილობრივი წამოების პროდუქტიც, ძირითადად კი ბოსტენული, რომელიც ზაფხულის თვეებში სასურსათო კალათის მნიშვნელოვან წილს იკავებს.

„ჩვენ დღეს ვუყურებთ, რომ ფაქტობრივად ყველა მნიშვნელოვან პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტზე სამომავლო ფასების ნაწილში კლებაა, კლებაა შაქარზე, ზეთზე, მაკარონზე და ა.შ. ამ პროდუქტებზე ფასის ზრდის ნაწილიც იყო შედარებით ნაკლები, ვიდრე სხვა პროდუქტების. მაგალითად, ყველაზე მეტად გაიზარდა წიწიბურის ფასი, რომელიც ფიზიკურად დეფიციტში იყო და უბრალოდ არ არსებობდა რეგიონში. მაგრამ დავუშვათ ისეთი მგრძნობიარე პორდუქტები, როგორებიც იყო ზეთი, მაკარონი და შაქარი, დავინახეთ, რომ აქ ფაქტობრივად მინიმალური ცვლილება იყო.

პერსპექტივაში ერთის მხრივ ფასების ქვემოთ სვლას ველოდებით, ეს არის საერთაშორისო ტენდენცია, ამავე დროს ჩვენთან შემოდის უკვე სეზონური ქართული პროდუქტი, ბოსტნეული და ისეთი პროდუქტი, რომელსაც სასურსათო კალათაში დიდი წილი უკავია ზაფხულის თვეებში. ასე რომ, ინფლაციური წნეხი, რომელიც ჩვენთვის ძალიან მძიმეა, რადგან მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე აისახება, დაიწევს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.