ლევან დავითაშვილი - სასოფლო-სამეურნეო მიწების საკითხი კონსტიტუციით დარეგულირდება
ლევან დავითაშვილი - სასოფლო-სამეურნეო მიწების საკითხი კონსტიტუციით დარეგულირდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის თავს იკავებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისგან, რომელმაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის მიყიდვაზე დაწესებული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხი ახალი კონსტიტუციით დარეგულირდება.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების საკითხი რეგულირდებოდეს, ზუსტად ამიტომ კონსტიტუციაში ავსახეთ, იმისთვის, რომ მყარი კონსტიტუციური გარანტია გვქონოდა და ასეთი საფრთხის წინაშე არ დამდგარიყო ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც პარლამენტი მიიღებდა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რეგულირდებოდეს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, მას გარკვეულწილად ესმის იმ ადამიანების წუხილის, რომლებსაც სურთ, ქართული სასოფლო-სამეურნეო მიწების კონტროლი, დაცვა და გასხვისების შეზღუდვა.

„ეს არის ისეთი უნიკალური აქტივი, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა ვექცეოდეთ. ვფიქრობ, გუნდის პოზიციაც ძალიან მკაფიოა, ძალიან მალე ახალი კონსტიტუცია ძალაში შევა და ეს საკითხი დარეგულირდება“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით დაწესებული მორატორიუმი 7 დეკემბერს არაკონსტიტუციურად გამოაცხადა. აღნიშნულთან დაკავშირებით მეორე დღეა თბილისში, იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქცია იმართება.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, რომელშიც სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით შესწორებები შევიდა. დოკუმენტის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერსაა დაგეგმილი.