ლევან დავითაშვილი - სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება არის მხოლოდ სამართლებრივი და პოლიტიკური გავლენა მას ვერ ექნება
ლევან დავითაშვილი - სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება არის მხოლოდ სამართლებრივი და პოლიტიკური გავლენა მას ვერ ექნება

სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება არის მხოლოდ სამართლებრივი და პოლიტიკური გავლენა მას ვერ ექნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

კითხვაზე, იყო თუ არა ნიკა გვარამიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური და ილახება თუ არა ამ განაჩენით საქართველოს იმიჯი საერთაშორისო ასპარეზზე, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში სასამართლო დამოუკიდებელია.

„საქართველოში სასამართლო ხელისუფლება არის ცალსახად დამოუკიდებელი პოლიტიკური პროცესებისგან. შესაბამისად, სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება არის მხოლოდ სამართლებრივი და რა თქმა უნდა, პოლიტიკური გავლენა მას ვერ ექნება. რაც შეეხება საქართველოს რეპუტაციასა და იმიჯს, საქართველოს რეპუტაცია და იმიჯი უნდა იყოს იმგვარი, როგორიც არის ევროპული ღირებულებებით განსაზღვრული, ქვეყანა მიდის ევროპისკენ, ევროპული ინტეგრაციისკენ, რაც გულისხმობს, რომ კანონის უზენაესობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ ქვეყანას. კანონის წინაშე საქართველოს თითოეული მოქალაქე არის თანაბარი, ვთანხმდებით ამაზე? მგონი, ვთანხმდებით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას სამი წლისა და ექვსი თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა, კახაბერ დამენიას 50 000 ლარის ჯარიმა დააკისრა, ზურაბ იაშვილი კი გაამართლა.