ლევან დავითაშვილი საქართველოში საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
ლევან დავითაშვილი საქართველოში საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან, დიეგო კოლასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ლევან დავითაშვილმა დიეგო კოლასს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას და აქტიური პარტნიორული ურთიერთობების გაგრძელების სურვილი გამოთქვა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილეს.

ყურადღება გამახვილდა მესაქონლეობის, მეღვინეობის, ირიგაციის, მიწის მართვის, ასევე, კლიმატის ცვლილების, ბუნებრივი რესურსების დაცვისა და ნარჩენების მართვის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე.

ლევან დავითაშვილმა დიეგო კოლასს ქვეყანაში სახელმწიფოს მიერ შემუშავებული აგრარული დარგისა და გარემოსდაცვითი მიმართულებების განვითარების ხელშემწყობი პროექტები გააცნო და ქვეყნისთვის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენ განსაკუთრებით მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობები გვაკავშირებს საფრანგეთის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ტყის სამინისტროსთან. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება საფრანგეთის რესპუბლიკისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიმართ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით განხორციელებული ფინანსური კონტრიბუციისთვის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

თავის მხრივ, საფრანგეთის ელჩმა, მადლობა გადაუხადა ლევან დავითაშვილს მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ აგრარული დარგის გამორჩეული გულშემატკივრობის გამო, ელჩის რანგში პირველი ვიზიტი საგანგებოდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან დაგეგმა.

„სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ვფიქრობ, ერთიანი ძალისხმევით წარმატების არაერთ ისტორიას შევქმნით“, – განაცხადა დიეგო კოლასმა.

დატოვე კომენტარი