ლევან დავითაშვილი - საქართველოში დღეს მიმდინარე ხეების გადარგვის პროცესი კანონთან შესაბამისობაშია
ლევან დავითაშვილი - საქართველოში დღეს მიმდინარე ხეების გადარგვის პროცესი კანონთან შესაბამისობაშია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოში დღეს მიმდინარე ხეების გადარგვის პროცესი კანონთან შესაბამისობაშია. ამის შესახებ დავითაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომლებიც დასავლეთ საქართველოში დენდროლოგიური პარკის მშენებლობის კანონიერებით დაინტერესდნენ.

ლევან დავითაშვილის თქმით, დენდროლოგიური პარკების მშენებლობა საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკაა.

„მინდა, პირდაპირ განვაცხადო, რომ დენდროლოგიური პარკების მშენებლობა ზოგადად, საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკაა. რაც შეეხება საქართველოში დღეს მიმდინარე გადარგვის პროცესს, ეს ხდება აბსოლუტურად კანონის შესაბამისობაში, რადგან არსებობს სპეციალური ნებართვები, რომლითაც განსაზღვრულია მთელი რიგი პირობები. კანონმდებლობა კიდევ ბევრ რამეს განსაზღვრავს, როდესაც ასეთი ტიპის ოპერაციები სრულდება“, – განაცხადა მან.

მინისტრის თმით, ასეთი ტიპის ოპერაციების სწორად შესრულებაზე გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტია პასუხისმგებელი.

„თითოეულ პირობას, რომელიც გაცემულია, ჩვენ რა თქმა უნდა, მონიტორინგს ვუკეთებთ. მერწმუნეთ, რომ იქ მოხდება როგორც ნიადაგის რეკულტივაცია, ისე ბიოლოგიური საფარის აღდგენა და აქ არანაირი აპოკალიფსური და კატასტროფული არ ხდება. პირიქით, ვფიქრობ, რომ არის აბსოლუტურად გაზვიადებული. დღეს გამახსენდა ისიც, რომ შალვა რამიშვილს ჰქონდა გადაცემა „პოსტტივიზე“, სადაც დეტალურად ახსნა, რა სიტუაციაა, როგორ აპოკალიფსურადაა წარმოდგენილი რეალობა, რომელიც ნამდვილად განსხვავდება იმისგან, რასაც ჩვენ გვაჩვენებენ.

პირიქით, მინდა ვთქვა, რომ სამწუხაროდ, საქართველოში ხდება მართლაც უკანონო ჭრა და ამას არ აქვს გამართლება ის, რომ ჩვენთან სოციალური ფონის არის მძიმე. ჩვენ კომპრომისულები ვერ ვიქნებით. ეკოლოგია არის ძალიან მნიშვნელოვანი და ხშირ შემთხვევაში, მართლაც გაჭირვებულების მიერ არ ხდება ამის ჭრა. პრემიერ-მინისტრმა ამაზეც განაცხადა, რომ აქ არის ჩართული ძალები, ორგანიზებული ჭრა ხდება და ამას უკომპრომისო ბრძოლას ვუცხადებთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.