ლევან დავითაშვილი - საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს პოზიციონირება ხელს შეუწყობს ქვეყნის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის კიდევ უფრო გაზრდას
ლევან დავითაშვილი - საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს პოზიციონირება ხელს შეუწყობს ქვეყნის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის კიდევ უფრო გაზრდას

მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის „სონისა” და კომპანია „ტოპანის” პარტნიორობით, ქალაქ ტოკიოში პროექტის „საქართველო – ღვინის სამშობლო“ მეორე გამოფენა გაიხსნა, რომელიც 7 მაისამდე გაგრძელდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ღვინის ისტორიისადმი მიძღვნილი ექსპოზიციის გახსნამდე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი იაპონელ ჟურნალისტებს ქართული ღვინის კულტურის მნიშვნელობაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს პოზიციონირება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისა და პოპულარიზაციისთვის, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის კიდევ უფრო გაზრდას.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, პროექტი პირველად 2017 წელს, საფრანგეთში, ღვინის მსოფლიო დედაქალაქში, ბორდოში გაიმართა და მეცნიერულ კვლევას მიეძღვნა, რომლის შედეგადაც სამეცნიერო საზოგადოებამ „საქართველო ღვინის სამშობლოდ“ აღიარა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა თვისებებით გამოირჩევა ქართული ღვინო, მინისტრმა ქართული ღვინის დაყენების განსაკუთრებულ მეთოდზე და განსხვავებული ყურძნის ჯიშებით ღვინის დაყენების ტექნოლოგიაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 500-ზე მეტი ქართული ადგილობრივი ყურძნის ჯიშია გავრცელებული საქართველოში, რომელიც აგრობიო მრავალფეროვნებით ყველაზე გამორჩეული ქვეყანაა, რაც ქართული ღვინის წარმატების ფორმულაა.

პრესკონფერენციას იაპონიის წამყვანი მედიასაშუალებები ესწრებოდნენ. პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ლევან დავითაშვილმა იაპონელი ჟურნალისტები გამოფენის გახსნაზე მიიწვია. გამოფენის საზეიმო გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე და საქართველოსა და იაპონიის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროექტი საქართველოს მთავრობის ინიციატივით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი“ და ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაცია „ქართული ღვინოს“ ორგანიზებით ხორციელდება. ექსპოზიცია აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლის კონცეფციაც დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე.

პროექტის ფარგლებში 7 მაისამდე არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართება.