ლევან დავითაშვილი - საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ავირჩიეთ პრეზიდენტი, მინდა, მიხეილ ყაველაშვილს ვუსურვო წარმატებები ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ და ინტერესების დასაცავად
ლევან დავითაშვილი - საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ავირჩიეთ პრეზიდენტი, მინდა, მიხეილ ყაველაშვილს ვუსურვო წარმატებები ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ და ინტერესების დასაცავად

ბატონ მიხეილს ვულოცავ პრეზიდენტობას, მინდა, მას ახალ როლში ვუსურვო წარმატებები ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

„რა თქმა უნდა, ჩვენი ყველას მოლოდინია, რომ ის ღირსეულად შეასრულებს იმ მოვალეობას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს კანონმდებლობით და კონსტიტუციიოთ აკისრია. ის არის ღირსეული, პატრიოტი ადამიანი და ამაში ჩვენ დარწუნებულები ვართ“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრი საქართველოს მე-6 პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო, რომელიც საქართველოს პარლამენტში გაიმართა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა კომენტარი გააკეთა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. როგორც მან აღნიშნა, ამას ცალსახად ერთმნიშვნელოვანი შეფასება შეიძლება, მიეცეს – საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ გამოხატა ძალიან მკაფიო გადაწყვეტილება, მხარდაჭერა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ.

ამასთან, ლევან დავითაშვილის თქმით, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში და მისი შეფასება ეუთო/ოდირის მიერ იყო აბსოლუტურად ადეკვატური.

„ამის შედეგად ჩამოყალიბდა ახალი მთავრობა, ახალი ხელისუფლება, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ავირჩიეთ პრეზიდენტი და მოხდა პრეზიდენტის ინაუგურაცია. ეს არის რეალობა. მეორე რეალობაა, რაზეც საუბრობენ გარკვეული ოპონენტები, ბუნებრივია, რომ ოპოზიციის გარკვეულ ჯგუფებს ჰყავდათ თავისი მხარდამჭერები და მათ აქვთ თავიანთი დღის წესრიგი, რომელიც, სამწუხაროდ, მნიშვნელოვნად განსხვავდება რეალობისგან. ისინი რეალობას ეწინააღმდეგებიან, რეალობა ერთია – მოსახლეობის უმრავლესობას აქვს გადაწყვეტილება მიღებული, არჩევანი აქვს გაკეთებული და საზოგადოების პატარა ჯგუფები და გარკვეული ოპოზიციური პარტიები ამ რეალობას, სამწუხაროდ, არ ეგუებიან“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ამასთან, ლევან დავითაშვილის პროგნოზით, 2025 წელს ოპოზიციური პარტიებიც მიიღებენ ქვეყანაში არსებულ რეალობას. მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ ისინი პარლამენტის ფორმატში გააგრძელებენ ოპონირებას და მათი როლის შესრულებას.

„მათი როლი ზუსტად ეს არის, ის ხმები, რომელიც მათ მიიღეს და ხალხის ნაწილმა, რომელმაც მათ ნდობა გამოუცხადა – პოლიტიკურ პროცესებში უნდა მიიღონ მონაწილეობა კანონმდებლობის შესაბამისად და ვფიქრობ, რომ პროცესი იქნება აბსოლუტურად ცივილიზებული“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.