ლევან დავითაშვილი - საქართველოს დამოუკიდებლობა საყოველთაო მონაპოვარია, რომლის გარშემოც ყველა უნდა ვერთიანდებოდეთ, ნებისმიერი პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
დავითაშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მინდა, მთელ საქართველოს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი განსაკუთრებული დღესასწაული, ეროვნული დღესასწაულია, შესაბამისად, წლის განმავლობაში ყველაზე მეტად საზეიმო დღეა, როდესაც თითოეული ქართველი ერთიანდება ერთი მიზნის, ერთი იდეის გარშემო, რასაც დამოუკიდებელი ქვეყანა ჰქვია. ეს ძალიან დიდი ღირებულებაა, რომელსაც წლების განმავლობაში ბრძოლით მოვიპოვებდით. ახლა მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი შევინარჩუნოთ და განვამტკიცოთ. შესაბამისად, ძალიან დიდია პასუხისმგებლობა ეკისრება მინისტრთა კაბინეტის თითოეულ წევრს, რომ განვამტკიცოთ დამოუკიდებლობა, რომელიც კომპლექსური შინაარსის მატარებელია, სუვერენიტეტი ყველა მიმართულებით იყოს გამოხატული, მეტად აღიარებული და ცნობილი ჩვენი ქვეყანა. ჩვენს ქვეყანაში უკეთესი საცხოვრებელი პირობები იყოს. თითოეულ მიმართულებას თანაბარწილად თავისი მნიშვნელოვანი როლი აქვს, რათა ჩვენი სუვერენიტეტი განმტკიცდეს. ეკონომიკის წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა სიღარიბე დავძლიოთ და წარმატებული ქვეყანა ვიყოთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია წარმატება ყველა სხვა მიმართულებით, რათა ჩვენ სრულად შევიგრძნოთ სუვერენიტეტი და სუვერენიტეტის მნიშვნელობა. ყოველდღე ჩვენ ამ მნიშვნელოვან მიზნებს ვუახლოვდებით, ჩვენს დამოუკიდებლობას კიდევ უფრო ვამტკიცებთ. საქართველო მსოფლიო რუკაზე ნელ-ნელა უფრო მეტად მნიშვნელოვანი და აღიარებული ხდება, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ცნობადობა იზრდება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ამასთან, ლევან დავითაშვილს ოპოზიციის მიერ დღეისთვის დაგეგმილ ღონისძიებებზე დაუსვეს კითხვა.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველოს დამოუკიდებლობა საყოველთაო მონაპოვარია და მის გარშემო ყველა უნდა გაერთიანდეს.
„დამოუკიდებლობა საყოველთაო მონაპოვარი, იდეაა, რომლის გარშემოც ყველა უნდა ვერთიანდებოდეთ, ნებისმიერი პოლიტიკური გემოვნების, პრეფერენციების მიუხედავად. არის რაღაც თემები, რომლის გარშემოც თუ არ გავერთიანდით, ამ ერთობის გარეშე ვერ შევინარჩუნებთ, წარმატებას ვერ მივაღწევთ დამოუკიდებლობის გზაზე. არცერთ სხვა მიმართულებას არ სჭირდება საზოგადოების და ერის ასეთი კონსოლიდაცია. ჩვენი დამოუკიდებლობა ყოველთვის საფრთხის ქვეშ იმ დროს იდგა, როდესაც ერთობა არ გვქონდა. ეს არის საკითხი, რომლის გარშემოც ერთობის არარსებობა წარმოუდგენელი და მიუღებელია. დანარჩენზე ყველაფერზე შეიძლება ვიკამათოთ. ჩვენ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული იდეები, ეს პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია. ალბათ დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებია ასეთი, რომ განსხვავებულ აზრს პატივი ვცეთ და ჩვენ უნდა გვქონდეს კამათი, დისკუსია სხვადასხვა საკითხზე. დისკუსიიდან გამომდინარე, მეტი წარმატება გვქონდეს, მაგრამ არსებობს ღირებულებები და საკითხები, რომელთა გარშემოც არ შეიძლება, იყოს დისკუსია და შეიძლება საზოგადოების გახლეჩა, მათ შორის, ასეთი ღონისძიებების ჩატარება, ვფიქრობ, უადგილოა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.