ლევან დავითაშვილი - საქართველო მრავალწლიანი კულტურების წარმოების ისტორიულ ტრადიციას იბრუნებს
ლევან დავითაშვილი - საქართველო მრავალწლიანი კულტურების წარმოების ისტორიულ ტრადიციას იბრუნებს

საქართველო მრავალწლიანი კულტურების წარმოების ისტორიულ ტრადიციას იბრუნებს. ახლად გაშენებული კულტურების ბაღები იმდენად იმედისმომცემია, რომ 2024 წლიდან ქვეყანა უარყოფითი სავაჭრო ბალანსის დადებითით შეცვლას ელოდება, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019 წლის ანგარიში განიხილეს, რომელიც მინისტრმა საზოგადოებას დღეს წარუდგინა.

გადაცემის მსვლელობისას მინისტრმა მიღწევებს შორის მნიშვნელოვან ფაქტორად საქართველოს ახალი საექსპორტო კულტურების განვითარება დაასახელა, რაც წინასწარი პროგნოზით ქვეყნის საექსპორტო პოზიციებს რადიკალურად გააუმჯობესებს.

„საქართველო იბრუნებს იმ ტრადიციებს, რაც ისტორიულად ჰქონდა. ის მრავალწლიანი კულტურების წარმოების კუთხით პროფესიონალი ქვეყანა იყო მეხილეობაში, წარმატებული ექსპორტიორი ქვეყანა იყო, რაც 90-იან წლებში დაიკარგა. დღეს თანამედროვე საბაზრო პირობებში იგივე კულტურებზე და პირობებზე აქცენტი შეიძლება მიზანშეწონილი არ იყოს. ამიტომ ჩვენ ფეხს ვუწყობთ საბაზრო მოთხოვნებს, მათ შორის გრძელვადიან პროგნოზებს და ჩვენი აქცენტი ზუსტად იმ კულტურებზე ყურადღების გამახვილებაში მდგომარეობს, რომელსაც გრძელვადიან პერსპექტივაში მეტი პოტენციალი აქვს. 20-30 წლიან პერსპექტივაში ვუყურებთ ახალ კულტურებს და საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ ამ კულტურებში კონკურენტუნარიანი იყოს. კონკრეტულად ჩვენ დავინახეთ, რომ თხილის სექტორი ფაქტობრივად სპონტანურად ძალიან კარგად განვითარდა. თუმცა საქართველო ასევე არის სხვა კაკლოვანი კულტურების სამშობლო, მათ შორის ნუშის და კაკლის, რომელიც ჩვენთვის ეროვნული პროდუქტივით არის. დაიწყო ინტენსიურად ინვესტირება პროდუქტიულ, მაღალი ინტენსივობის ნუშისა და კაკალის ბაღებში. ეს არის საექსპორტო ორიენტაციის პროდუქტი. მნიშვნელოვანია ზეთისხილის ახალი კულტურა, რომელიც უკვე რამდენიმე ათასი ჰექტარია. სახელმწიფოს სხვადასხვა პროექტების თანამონაწილეობის შედეგად, დაახლოებით 10-15 ათასი ჰექტარი მრავალწლიანი ინტენსიური თანამედროვე მეურნეობა გაგვიჩნდა. ეს როდესაც მსხმოიარობაში შევა, პოტენციურად იმხელა შემოსავლის მომტანია, რომ ნამდვილად უნდა გავხდეთ ნეტო ექსპორტიორი ქვეყანა (როდესაც ქვეყნის ექსპორტი აჭარბებს იმპორტს). ეს ბალანსი 2024 წლისთვის გამოსწორებული იქნება და ჩვენ პლუსში ვიქნებით. მიმდინარე 2020 წლიდან პირველი მოსავლის მომსწრე უნდა გავხდეთ და საქართველო რუკაზე აბსოლუტურად სხვა ადგილს დაიკავებს. ეს არის ჩვენი მიზანი და ამოცანა“, – განუცხადა ლევან დავითაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.

დატოვე კომენტარი