ლევან დავითაშვილი - სამწუხაროდ, სპექტაკლების მომსწრენი წინა წლებშიც ვიყავით, რთველი დამთავრდება, ყურძენი დაბინავდება და მოსახლეობა მიიღებს ანაზღაურებას
ლევან დავითაშვილი - სამწუხაროდ, სპექტაკლების მომსწრენი წინა წლებშიც ვიყავით, რთველი დამთავრდება, ყურძენი დაბინავდება და მოსახლეობა მიიღებს ანაზღაურებას

ნუ დავძაბავთ, პოლიტიკურ სპექტაკლად ნუ ვაქცევთ იმას, რაც ასეთი მნიშვნელოვანი და მგრძნობიარეა ჩვენი მოსახლეობისთვის და ღირებულია იმიტომ, რომ რთველი უკავშირდებოდა ქართველი ადამიანისთვის ძალიან ბევრ ემოციურ მომენტს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კახეთში განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიზებული სპექტაკლების დადგმის მცდელობების მიუხედავად, რთველი რეგიონში წარმატებით დასრულდება.

„მიუხედავად ყველა გამოწვევისა, რომელზეც ახლა არ ვისაუბრებ, ჩვენ შევქმენით ის გარემო, რომ ყველა კილოგრამი ყურძენი ჩაბარდებოდა ღირსეულად და მოსახლეობა მიიღებდა ანაზღაურებას. ამ გამოწვევების ფონზე ეს ასეც არის, შევძელით. რთველი ფაქტობრივად, დასასრულს უახლოვდება. კახეთში, დაახლოებით 240 ათას ტონაზე მეტი ყურძენი ინდუსტრიულად უკვე გადამუშავდა. დღეისათვის არსებული სიმძლავრეები აღემატება ჩაბარების დღიურ რაოდენობებს და რამდენიმე დღეში კახეთში, ძირითადი ყურძნის ჩაბარების დიდი ნაწილი უკვე დასრულდება.

რაც შეეხება ინციდენტებს, რომელიც ხდება ხოლმე და სამწუხაროდ, არის პოლიტიზების მცდელობები, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, წინა წლებშიც ვსაუბრდობდით, რომ ნუ დავძაბავთ, პოლიტიკურ სპექტაკლად ნუ ვაქცევთ იმას, რაც ასეთი მნიშვნელოვანი და მგძნობიარეა ჩვენი მოსახლეობისთვის და ღირებულია იმიტომ, რომ რთველი უკავშირდებოდა ქართველი ადამიანისთვის ძალიან ემოციურ ბევრ მომენტს – მოსავლის აღებას, მთელი წლის შრომის რაღაც შედეგის მიღებას და ამ თემის პოლიტიზება, ადამიანის გრძნობებზე თამაში ამორალურია“, – განაცხადა ლევან დაითაშვილმა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, იქიდან გამომდინარე, რომ საარჩევნო წელია, პროცესების დაძაბვის მცდელობის ფაქტები იმატებს.

„ჩვენ დავინახეთ, აკურაში იყო ინციდენტი. შეიძლება, იმ ადამიანს კახეთში იცნობდნენ, რომ არ აქვს ვენახი და ის აპროტესტებდა იმას, რაც არ ეხებოდა საერთოდ. მცდელობა იყო გზის გადაკეტვის. დავინახეთ, რომ ტრაქტორი, რომელიც ამოყირავდა, იყო ცარიელი. ასეთი სპექტაკლების მომსწრენი სამწუხაროდ, წინა წლებშიც ვიყავით, წელსაც არის, მაგრამ ერთი რამ არის ცხადი და ნათელი – რთველი დამთავრდება, ყურძენი დაბინავდება და მოსახლეობა მიიღებს ანაზღაურებას”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.