ლევან დავითაშვილი - წელს რთველი საკმაოდ მშვიდად მიმდინარეობს, არის პროცესის დაძაბვისა და პოლიტიზების მცდელობები, რაც ამორალური და უპასუხისმგებლობაა
ლევან დავითაშვილი - წელს რთველი საკმაოდ მშვიდად მიმდინარეობს, არის პროცესის დაძაბვისა და პოლიტიზების მცდელობები, რაც ამორალური და უპასუხისმგებლობაა

წელს საკმაოდ მშვიდად მიმდინარეობს რთველი. სამწუხაროდ, არის პროცესის დაძაბვისა და პოლიტიზების მცდელობები, რაც მშრომელი ადამიანის ემოციებზე თამაშია. ვფიქრობ, ეს აბსოლუტურად ამორალური და უპასუხისმგებლობაა, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კახეთში განაცხადა.

ლევან დავითაშვილი ღვინის ქარხნებთან რიგების არსებობას პიკურ პერიოდს უკავშირებს და აცხადებს, რომ ეს ბუნებრივი პროცესია და მევენახეს რიგში დგომა მხოლოდ რამდენიმე საათი უწევს და ამის მიზეზი ტექნიკური ნიუანსებია.

„გვახსოვს, სამი, ოთხი დღის განმავლობაში იდგნენ რთველის დროს ადამიანები და თან ამ დროს არაპროგნოზირებადი იყო ჩააბარებდნენ თუ არა, მიიღებდნენ თუ არა თავისი შრომის ანაზღაურებას. გარკვეულ პერიოდში რიგები რთველის თანმდევი პროცესია. ეს არ არის ყოველთვის, მაგრამ ახლა შევდივართ პიკურ პერიოდში, დაახლოებით ათი დღე ყოველდღიურად ათი ათას ტონაზე მეტის გადამუშავება მოხდება და წარმოიდგინეთ, რა საწარმოო სიმძლავრეები დასჭირდება ამას. დაახლოებით, ასამდე კომპანია იღებს მონაწილეობას ამ პროცესში. მიუხედავად ამისა, რამდენიმესაათიანი დაყოვნება ტექნიკურ პროცესს უკავშირდება“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად რეგიონში რთველის მიმდინარეობას და ღვინის ჩაბარების პროცესს რამდენიმე ღვინის საწარმოში თავად გაეცნო.

კახეთში დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელი ყოველდღიურად ათი ათას ტონას აჭარბებს. ყურძნის შესყიდვის პროცესში 50-ზე მეტი დიდი თუ მცირე საწარმოა ჩართული.

„ვიყავი კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში, ვნახე ქარხნები. იცით, რომ შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. მაქვს ინფორმაცია ყოველდღიური შტაბიდან, მაგრამ ჩემი თვალით მინდოდა მენახა. აღსანიშნავია, რომ 12-საათიანზე მეტი შეყოვნება არ ყოფილა არსად. რთველი ჩაივლის კარგად, წარმატებულად, მიუხედავად კოვიდიდან გამომდინარე არსებული გამოწვევებისა, რის გამოც სირთულეები შეექმნათ ღვინის სექტორს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. 2020 წლის რთველი კახელი ფერმერებისთვის ჩაივლის ძალიან წარმატებით. სახელმწიფომ ამაზე ნამდვილად იზრუნა. ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას ღვინის ინდუსტრიას დაკავშირებული კომპონენტი ცალკე გვქონდა და მთავარი ამოცანა იყო, მყიდველობითი უნარი კომპანიებისთვის გავვეზარდა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ბოლო მონაცემებით, კახეთის რეგიონში 94 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, აქედან 68 ათასი ტონა რქაწითელი, 18 ათასი ტონა საფერავი და 1 7 ათასი ტონა კახური მევანე და სხვა ჯიშის ყურძენია. რთველის საკოორდინაციო შტაბში 300-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანიაა დარეგისტრირებული. რთველი უკვე დასრულებულია დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში. რთველი კახეთში ტრადიციულად, ოქტომბრის შუა რიცხვებში დასრულდება.