ლევან დავითაშვილი - ქვეყანაში სურსათით უზრუნველყოფის თვალსაზრისით საიმედო სიტუაციაა, საქართველო უფრო მომზადებულია, ვიდრე ევროპის ბევრი წამყვანი ქვეყანა
ლევან დავითაშვილი - ქვეყანაში სურსათით უზრუნველყოფის თვალსაზრისით საიმედო სიტუაციაა, საქართველო უფრო მომზადებულია, ვიდრე ევროპის ბევრი წამყვანი ქვეყანა

ქვეყანაში სურსათის უზრუნველყოფის თვალსაზრისით არსებობს აბსოლუტურად საიმედო სიტუაცია, საქართველო უფრო მომზადებულია, ვიდრე ევროპის ბევრი წამყვანი ქვეყანა, პანიკის საფუძველი არ არსებობს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სამოქალაქო პასუხისმგებლობა ერთმანეთს გავუზიაროთ და გაცნობიერებული გვქონდეს, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრისა და ქსელური კომპანიების წარმომადგენელთა შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქვეყანაში არსებობს სურსათის ადეკვატური მარაგები. ამაზე სამინისტრო ზრუნავს მთავრობის სხვა წევრებთან ერთად. ჩვენ გვაქვს მონიტორინგის სისტემა, შექმნილია სამინისტროშიც სამუშაო ჯგუფი, რათა გვქონდეს მოწოდების ჯაჭვის ყველა რგოლთან მუდმივი და რეგულარული კომუნიკაცია. ეს უკავშირდება როგორც იმპორტიორებს, ადგილობრივ მწარმოებლებს, დისტრიბუტორებსა და საცალო ქსელების წარმომადგენლებს. დღეს პრემიერის ხელმძღვანელობით გაიმართა საცალო ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრა, რათა სიტუაციის მიმოხილვა კიდევ ერთხელ მოგვეხდინა, შეგვეფასებინა მათ შორის ბოლო დროს, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გაზრდილი მოთხოვნის პირობებში არსებული სიტუაცია. ჩვენ შეგვიძლია, სრული პასუხისმგებლობით ვთქვათ, რომ პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს. შეიძლება, უბრალოდ ჩვენი ქცევა იყოს უსარგებლო და ისევ დამაზიანებელი ჩვენი ოჯახებისთვის, რაც ქმნის დამატებით წნეხს და უხერხულობას იგივე სავაჭრო ქსელებში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, კოლეგების მსგავსად, მადლობა გადაუხადა სავაჭრო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს და საზოგადოებას სთხოვა, გამოიჩინონ მოქალაქეობრივი სოლიდარობა პერსონალის მიმართ, რომლებიც მაღაზიებში გაზრდილ ნაკადს ემსახურებიან.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეობრივი სოლიდარობა გამოვიჩინოთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მუშაობენ ასეთ ქსელებში. ძალიან რთულია, რომ დღე-ღამის რეჟიმში ადამიანები ემსახურებოდნენ გაზრდილ მოთხოვნას, ასეთ რიგებს, რომელიც დისკომფორტს ქმნის როგორც მოსახლეობისთვის, მყიდველისთვის, ასევე სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებისთვის. მინდა, შევუერთდე უბრალოდ იმ შეფასებას, რომელიც ქალბატონმა ვიცე-პრემიერმა გააჟღერა. ძალიან მნიშვნელოვანია, დავაფასოთ იმ ადამიანის ღირსეული შრომა, რომელიც დღეს საზოგადოებას ემსახურება. როგორც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველები, სამედიცინო სფეროს თანამშროლები, პირველ რიგში, მაგრამ მნიშვნელოვანია, ასევე აღინიშნოს სასურსათო სფეროს წარმომადგენლები, თანამშრომლები, მთელი მიწოდების ჯაჭვის განმავლობაში, ეს იქნება წარმოებაში ჩართული პირები, დისტრიბუციის თანამშრომლები თუ იგივე საცალო ქსელების თანამშრომლები, მათ შორის მოლარეები, რომლებსაც უამრავ ადამიანთან უწევთ ურთიერთობა“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.