ლევან დავითაშვილი - პურზე ფასის მომატების საფუძველი არ გვაქვს, ფასები შენარჩუნდება
ლევან დავითაშვილი - პურზე ფასის მომატების საფუძველი არ გვაქვს, ფასები შენარჩუნდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პურ-პროდუქტების და ხორბლის მწარმოებლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„პანდემიის ფონზე მსოფლიოში არსებული ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, ჩვენ რეგულარული შეხვედრები გვაქვს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. მორიგი სამუშაო შეხვედრა გვქონდა ხორბლის და პურის მწარმოებლებთან. პურზე ფასის მომატების საფუძველი არ გვაქვს. ჩვენ ვახორციელებთ ხორბლის მარაგების მუდმივ მონიტორინგს. არანაირი შეფერხება არც პურის და არც ფქვილის მიწოდებაში არ გვექნება; ფასები შენარჩუნდება“, – განაცხადა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილმა შეხვედრაზე ფქვილსა და პურზე, როგორც ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე, სტაბილური ფასის შენარჩუნების აუცილებლობაზე და ბიზნესსექტორის მხრიდან, არსებულ ვითარებაში, პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობა კონსტრუქციული, გამჭვირვალე და ეფექტიანია. ჩვენ უნდა შევძლოთ სტაბილურობის და, ამავე დროს, ბიზნესის განვითარებისთვის პოზიტიური გარემოს შენარჩუნება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ აღნიშნა, სოციალური მიმართულება შეხვედრის მონაწილე ყველა კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია; გარკვეული მარაგების ხარჯზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს ფქვილის ბაზარზე, სტაბილიზაცია იქნება.

პურპროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასები იცვლება, რამაც გარკვეული დაძაბულობა გამოიწვია, თუმცა ქვეყანაში გარკვეული მარაგები არსებობს, ამიტომ სტაბილური ფასი უნდა შენარჩუნდეს.

ხორბლის, ფქვილისა და პურის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.