ლევან დავითაშვილი - პარლამენტმა სამართლებრივად გამართული რეზოლუცია მიიღო
ლევან დავითაშვილი - პარლამენტმა სამართლებრივად გამართული რეზოლუცია მიიღო

საქართველოს პარლამენტმა მიიღო სამართლებრივად აბსოლუტურად გამართული რეზოლუცია, – ასე შეაფასა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით დეპუტატების მიერ მიღებული რეზოლუცია.

მინისტრმა ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ რეზოლუცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციას მკაფიოდ გამოხატავს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია გამოხატავს პრინციპულად იმ პოზიციას, რომელიც გააჩნია მმართველ გუნდს. რეზოლუციაში ასახულია და დაფიქსირებულია ჩვენი პოზიციები, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, ასევე ეს არის რეზოლუცია, რომელიც მშვიდობიანად კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივებს უსვამს ხაზს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საქართველოს პარლამენტმა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტი ერთხმად  დაამტკიცა.

დეპუტატებმა დოკუმენტს კენჭი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს, თუმცა კენჭისყრამდე, საკითხზე პოლიტიკური დებატები გაიმართა.

„ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ ერთობლივად მომზადებული დოკუმენტით, საქართველოს მთავრობამ პარლამენტს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებაში, არაჰუმანურ მოპყრობასა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, ასევე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სია – „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“  2018 წლის 15 ივნისამდე უნდა წარუდგინოს.