ლევან დავითაშვილი - ოპონენტებს მოსახლეობაში უიმედობის დათესვა სურთ, ჩვენ გვინდა, ფაროსანას, როგორც გამოწვევას, კონკრეტული ნაბიჯებით ვუპასუხოთ
ლევან დავითაშვილი - ოპონენტებს მოსახლეობაში უიმედობის დათესვა სურთ, ჩვენ გვინდა, ფაროსანას, როგორც გამოწვევას, კონკრეტული ნაბიჯებით ვუპასუხოთ

ჩვენს ოპონენტებს მხოლოდ პანიკის გეგმა აქვთ და უნდათ, მოსახლეობაში უიმედობა დათესონ მაშინ, როცა ჩვენ გვინდა, ფაროსანას, როგორც გამოწვევას, კონკრეტული ნაბიჯებით ვუპასუხოთ, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, 2007 წელს, მთელი წლის განმავლობაში სამინისტრო აქტიურ საინფორმაციო კამპანიას აწარმოებდა, რათა მოსახლეობას ამ გამოწვევის აქტუალობის შესახებ გაეგო და 2018 წელს კიდევ უფრო მეტი კომუნიკაცია იქნება.

„ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს ყველა რეგიონთან. შეხვედრებს ამ კვირის განმავლობაშიც ვაწარმოებთ. მთლიანად გადამზადდნენ ჩვენი სპეციალისტები, ექსპედიციის თანამშრომლები, რომლებმაც ინფორმაცია მოსახლეობასთან უნდა მიიტანონ. მათ შორის, გამოვიყენებთ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს, იგივე სოფლის გამგებლებს, რომლებიც მოსახლეობასთან კომუნიკაციაში დაგვეხმარებიან“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, წელს მთელ საქართველოს დაფარავს მონიტორინგის სისტემა, რომელიც 2017 წელს მხოლოდ გარკვეულ რეგიონებში არსებობდა.

„ეს იქნება სპეციალური მიმზიდველები, ხაფანგები და ჩვენ გავიგებთ მავნებლის კონცენტრაციას, ფაზას, გამოსვლის პერიოდს, გავრცელების გეოგრაფიას და ა.შ. ამის შესაბამისად, ამა თუ იმ სოფლამდე კონკრეტული რეკომენდაციები გაიცემა. ეს არის კარგად ორგანიზებული შტაბი, რაც ქვეყანაში არსებულ გამოწვევასთან ადეკვატური პასუხია“, – განაცხადა დავითაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მოსახლეობამ როდის რა უნდა გააკეთოს, ამასთან დაკავშირებით სამინისტროს თვალსაჩინო კლიპები ექნება.