ლევან დავითაშვილი - მთავრობას პარლამენტთან ყოველდღიური კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს, რაც გეოგრაფიული დაშორების გამო არც ისე ეფექტურია
ლევან დავითაშვილი - მთავრობას პარლამენტთან ყოველდღიური კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს, რაც გეოგრაფიული დაშორების გამო არც ისე ეფექტურია

მთავრობას პარლამენტთან ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ჰქონდეს კომუნიკაცია, რაც გეოგრაფიული დაშორების გამო, ხშირ შემთხვევაში, არ არის ისეთი ეფექტური, როგორიც უნდა იყოს, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის თბილისში გადმოტანას აქვს როგორც დადებითი, ისე შემაფერხებელი ფაქტორები.

„დარწმუნებული ვარ, ამასთან დაკავშირებით ისევე როგორც სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, იქნება ფართო მსჯელობა. პარლამენტის დედაქალაქში ყოფნის დადებითი ფაქტორები თქვენ იცით, რომ ძალიან ბევრია. ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა და, შესაბამისად, საპარლამენტო ზედამხედველობა მთავრობის მუშაობაზე არის ძალიან მნიშვნელოვანი. ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში მთავრობას უნდა ჰქონდეს კომუნიკაცია პარლამენტთან და ხშირშემთხვევაში, გეოგრაფიული დაშორების გამო, არ არის ისეთი ეფექტური როგორიც უნდა იყოს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით, როდესაც საუბარია პარლამენტის გაძლიერებაზე, ეს ხშირშემთხვევაში კავშირშია ლოჯისტიკასთან, მათ შორის, პარლამენტისა და მთავრობის ერთ ქალაქში ყოფნასთან.

„იმედი გვაქვს, რომ ასეთ რეჟიმში მთავრობისა და პარლამენტის კომუნიკაცია და ჩართულობა მეტი იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ვსაუბრობთ ახალ ინიციატივებზე, რომელიც სამომავლოდ საკანონმდებლო სახეს მიიღებს პარლამენტს წინასწარ ჰქონდეს ინფორმაცია. ჩვენ ასეთ რეჟიმში ვმუშაობთ კომიტეტებთან.

ვცდილობთ, როგორც პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებისას, ისე საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობის პროცესში, კომიტეტის წარმომადგენლები ჩართული იყვნენ მუშა პროცესში და მათ შორის ჩვენც, ანგარიშვალდებულების ფარგლებში, კომიტეტის მუშაობის პროცესში ვიყოთ ჩართულები ყოველდღიურად.

მე პირადად კომიტეტის სამუშაო შეხვედრებს ვესწრები და ვფიქრობ, რომ ეს არის პარლამენტარიზმის სწორი პრინციპების დაცვა. ჩვენ, ერთი მხრივ, ვსაუბრობთ პარლამენტის გაძლიერებაზე და ეს გაძლიერება ხშირ შემთხვევაში კავშირშია ლოჯისტიკურ საკითხებთან, მათ შორის, ერთ ქალაქში პარლამენტისა და მთავრობის ყოფნასთან“, – განაცხადა დავითაშვილმა.

პირველმა არხმა დღეს მოიპოვა ინფორმაცია, რომ პარლამენტი თბილისში სრულად დაბრუნდება, ქუთაისში მდებარე შენობა კი შს სამინისტროს გადაეცემა.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობას შსს ერთგვარი ჰაბისთვის გამოიყენებს.