ლევან დავითაშვილი - მოსახლეობას სჭირდება კონკრეტული გადაწყვეტილებები და საბოტაჟის დრო არ არის
მოსახლეობას სჭირდება კონკრეტული გადაწყვეტილებები და საბოტაჟის დრო არ არის, – განუცხადა ჟურნალისტებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. ის იმყოფება ბიზნესცენტრ „ქინგ დევიდში“, სადაც პროექტის – „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პრეზენტაცია გაიმართა, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც აქციის მონაწილეები იმყოფებიან.
ჟურნალისტებმა ჰკითხეს ლევან დავითაშვილს, იყო თუ არა მისთვის უხერხული მთავრობის ადმინისტრაციაში პოლიციის დახმარებით შესვლა.
„მე მგონი, უპასუხისმგებლოა ის ადამიანი, ვინც პროტესტს ამ ფორმით გამოხატავს, ვითომ სიტყვის გამოხატვით. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, როდესაც კანონდარღვევით ცდილობენ სახელმწიფო უწყებებისთვის მუშაობის პროცესის ხელის შეშლას, რადგან ჩვენს ქვეყანას სჭირდება განვითარება, მოსახლეობას სჭირდება კონკრეტული გადაწყვეტილებები და ამ დროს საბოტაჟის დრო არ არის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.