ლევან დავითაშვილი - მომავალი წლიდან გვექნება სრულიად ახალი ინიციატივები, რაც მთის რეგიონებს განვითარებაში დაეხმარება
ლევან დავითაშვილი - მომავალი წლიდან გვექნება სრულიად ახალი ინიციატივები, რაც მთის რეგიონებს განვითარებაში დაეხმარება

მთიანი რეგიონებისთვის მნიშვნელოვანია იმ ეკონომიკური საქმიანობის განვითარება, რაც დიდწილად უკავშირდება სოფლის მეურნეობის განვითარებას, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანას აქვს მესაქონლეობის განვითარების შესაძლებლობები და პერსპექტივები.

„ჩვენ შეგვიძლია განსაკუთრებით მაღალი ხარისხის პროდუქტის წარმოება, ეს არის მაღალი ხარისხის ეკოპროდუქტები. ხარისხის ნიშნებით, სპეციალური მექანიზმებით ჩვენ ვეცდებით, ასეთი პროდუქტების წახალისებას. ასევე, მთიან რეგიონებში ხშირად შეზღუდულია სასოფლო-სამეურნეო მიწებზე წვდომა, მაგრამ გვაქვს ტყე და სხვა ბუნებრივი რესურსები, რაც მოგვცემს ეკოტურიზმის განვითარების საშუალებას. ასევე, გვაქვს დაცული ტერიტორიები, სადაც ვავითარებთ ადმინისტრაციებს, რათა გაჩნდეს ტურისტული მომსახურების საშუალებები“, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

მისივე თქმით, იქნება საგრანტო პროექტები, როგორც ტყის არამერქნული გადამუშვების, ასევე ტყის მერქნული ნაწილის, ხის მასალის გამოყენებისა და სპეციალური ნაკეთობების წარმოების, სასტუმრო სახლების და ტურისტული მომსახურების კუთხით.

„რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან წელს თანხის მხოლოდ 25 პროცენტია დახარჯული. ჩვენ კიდევ უფრო ვზრდით დაფინანსებას მომავალი წლისთვის. დარწმუნებული ვართ, რომ უფრო მეტი მიმართულება უნდა დაფინანსდეს, მაგრამ ეს უნდა იყოს კარგად დაგეგმილი. სწორედ ამისთვის არის საჭირო, მომზადებული იყოს თითოეული სამინისტრო, რომელიც ამ ფონდების გახარჯვაში მონაწილეობს. ჩემი სამინისტროს ნაწილში გეტყვით, რომ რა ინიციატივებიც დავასახელეთ, ამ მიმართულებებში მზად ვიქნებით. ამაზე 2019 წელს ვისაუბრებთ და პრეზენტაციებიც გვექნება. ეს იქნება სრულიად ახალი ინიციატივები, რაც მთის რეგიონებს განვითარებაში დაეხმარება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა .