ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა სანქციების აღსრულებისა და სანქციებისთვის გვერდის ავლის პრევენციის კუთხით, ამ მიმართულებით საქართველო გამორჩეულად საიმედო პარტნიორია
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა სანქციების აღსრულებისა და სანქციებისთვის გვერდის ავლის პრევენციის კუთხით, ამ მიმართულებით საქართველო გამორჩეულად საიმედო პარტნიორია

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა სანქციების აღსრულებისა და სანქციების გვერდის ავლის პრევენციის კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის საქართველოში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სანქციების აღსრულების ნაწილში საქართველო გამორჩეულად საიმედო პარტნიორია.

„საზოგადოებაში დიდი ინტერესია ამ ვიზიტთან დაკავშირებით. ეს არის მაღალი დონის წარმომადგენლობა. მხოლოდ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი არ არის, ასევე არის ამერიკის შეერთებული შტატებიდან ო’ბრაიენი, ბრიტანეთიდან – კუმარ აიერი. სამი ძირითადი ქვეყნის ჯგუფია, რომელიც დღეს სანქციებს აწესებს და სანქციებს აახლებს. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა სანქციების აღსრულებისა და სანქციების გვერდის ავლის პრევენციის კუთხით. ამ მიმართულებით საქართველო გამორჩეულად საიმედო პარტნიორია როგორც ევროკავშირის, ისე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ბრიტანეთისთვის. რეგულარული კომუნიკაცია გვაქვს პარტნიორებთან პირად მე, საბაჟო სტრუქტურის წარმომადგენლებს, ფინანსთა სამინისტროს და ასე შემდეგ. ფინანსთა სამინისტრომ და შესაბამისმა სტრუქტურებმა არაერთი პრევენცია მოახდინეს, მათ შორის ევროკავშირის სანქციებისთვის გვერდის ავლის მცდელობის. ჩვენ არ წარმოვიდგინეთ, რომ სანქციების შესრულება არის მარტივი პროცესი, იმავე სანქციების დამწესებელი ქვეყნების მხრიდან. ხშირ შემთხვევაში რისკები არსებობს, მათ შორის ამ ქვეყნებიდან საქართველოს ტრანზიტის გამოყენების მცდელობის კუთხით. საქართველომ ათეულობით შემთხვევაზე მოახდინა რეაგირება, პრევენცია. ასევე, მესამე ქვეყნებიდან ხდება ხოლმე სანქცირებული ტვირთების შესაძლო გაგზავნა სანქცირებულ ქვეყანაში. საქართველო პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდროდ თანამშრომლობს ამ ინფორმაციის გაცვლის კუთხით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში პარტნიორებთან სანქციების დაწესებიდან დღემდე გავლილ სამუშაოს შეაჯამებენ.

„იმისთვის, რომ სანქციები სწორად იყოს აღსრულებული, არაერთი ტრენინგი, შეხვედრა, სემინარი გვაქვს. საჭიროა სწორი გაიდლაინები და ამ გაიდლაინების სწორად მიტანა აღმასრულებელ ოფიცრებამდე. ამ კუთხით თანამშრომლობის ძალიან ბევრი ფორმატი, კარგი პრაქტიკა გვაქვს. ზუსტად ამ საკითხებზე იქნება საუბარი ჩვენს პარტნიორებთან, შევაჯამებთ სანქციების დაწესებიდან დღემდე გავლილ სამუშაოს. ანგარიში მზადდება სხვადასხვა უწყების მიერ, რასაც ჩვენს პარტნიორებს გავუზიარებთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დავითაშვილმა კითხვის საპასუხოდ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოს მხრიდან სანქციებისთვის გვერდის ავლა არ ხდება.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ დეტალური განცხადება და განმარტება გააკეთა, რომ საქართველოს მხრიდან სანქციებისთვის გვერდის ავლა არ ხდება, პირიქით, საქართველო ეხმარება პარტნიორებს სანქციების გვერდის ავლის პრევენციის ნაწილში. არაერთი შეხვედრა გვქონდა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან, მათ შორის უმაღლეს დონეზე. ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს ვაჭრობის მინისტრის მოადგილეებთან ჩემი და ჩემი მოადგილეების შეხვედრაზე, სადაც თხოვნა იყო, საქართველო დახმარებოდა სტრატეგიულ პარტნიორებს, მათ შორის მესამე ქვეყნებიდან ტრანზიტის კონტროლის ნაწილში. ეს არის უფრო მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე უბრალოდ ის, რომ ჩვენ ყოველდღიურ რუტინაში შევასრულოთ ის, რაც გვეკუთვნის და რასაც ჩვენი საბაჟო სამსახურები მაღალ დონეზე და მაღალი პროფესიონალიზმით ასრულებენ. პარტნიორებთან ამ კუთხით ინფორმაციის გაცვლაზე შევჯერდით. ეს პროცესი მიმდინარეობს. ერთმანეთს ვუცვლით ინფორმაციას, მათ შორის ვიღებთ ოპერატიულ ინფორმაციას, თუ ჩვენს პარტნიორებს აქვთ, რომ შესაბამისი რეაგირება მოვახდინოთ. ასევე, პარტნიორებს ვუზიარებთ ინფორმაციას, რომლებიც ჩვენთან გროვდება, მათ შორის პრევენციის შემთხვევებს, და ამასაც კონსოლიდირებული ანგარიშის ფორმით წარვუდგენთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, საყურადღებოა, მათ შორის პარტნიორი ქვეყნების მხრიდან პროცედურების უკეთესად დაგეგმვის თუ აღსრულების ნაწილში. ხშირ შემთხვევაში, ჩვენთან აღმოჩენილი ფაქტები არის სხვადასხვა ადმინისტრაციული პროცედურის გაუმჯობესების საფუძველი. ვფიქრობ, ძალიან კარგად ჩაივლის შეხვედრა და ის სასარგებლო იქნება, ერთი მხრივ, ჩვენთვის, რადგან მივიღებთ განახლებულ ინფორმაციას, ასევე ჩვენი პარტნიორებისთვის, რომლებიც ინფორმაციას მიიღებენ საქართველოში სანქციების აღსრულების კუთხით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.