ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია, „ნამახვანჰესის“ საკითხზე მივიღოთ კომპეტენტური მოსაზრება ნეიტრალური და მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ორგანიზაციისგან
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია, „ნამახვანჰესის“ საკითხზე მივიღოთ კომპეტენტური მოსაზრება ნეიტრალური და მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ორგანიზაციისგან

ჩვენთვის მისასალმებელია ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ჩართულობა ნამახვანის პროექტის მედიაცია-კომუნიკაციის პროცესში, რომლის დროსაც საქართველოს მხრიდან ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას – სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, აქტივისტებს, პროტესტის მონაწილეებს, მიეცემათ საშუალება, ჩაერთონ და გადახედონ ყველა იმ პროცედურას, რომელიც სამინისტროებმა გაიარეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, – განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, რომელმაც, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ხელმძღვანელ დირკ ბუშლესთან ონლაინშეხვედრა გამართა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, მივიღოთ კომპეტენტური მოსაზრება ნეიტრალური და მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, მიემართა ევროკავშირის ენერგოგაერთიანებისთვის, ჩართულიყო საზოგადოებასთან მედიაციის პროცესში.

„ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს საზოგადოების ძალიან მაღალი ინტერესი ნამახვანის პროექტის გარშემო. მათ შორის, არსებობს გარემოსდაცვითი შეფასების კუთხით კითხვები. მიუხედავად იმისა, რომ ყველა პროცედურა იყო ზედმიწევნით დაცული, მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაციის პროცესი წარიმართოს საერთაშორისო მედიაციით, მათ შორის, ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

დატოვე კომენტარი