ლევან დავითაშვილი - მიმდინარე საარბიტრაჟო დავა არ ეხება ანაკლიის პროექტს, ეხება სახელმწიფოსთან დავას, შესაბამისად, ინვესტორები დაზღვეული არიან
ლევან დავითაშვილი - მიმდინარე საარბიტრაჟო დავა არ ეხება ანაკლიის პროექტს, ეხება სახელმწიფოსთან დავას, შესაბამისად, ინვესტორები დაზღვეული არიან

მთელი წლის განმავლობაში ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობდა, რათა ანაკლიის პორტის მშენებლობა განახლებულიყო საუკეთესო პირობებით, ისე, როგორც საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებშია, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პორტის განვითარების გეგმებთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ძალიან მკვეთრი და მკაფიო განცხადება გააკეთა.

„ვფიქრობ, კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით თანმიმდევრული ვართ ჩვენს პოლიტიკაში. მთელი წლის განმავლობაში სამინისტრო აქტიურად მუშაობდა, რათა ანაკლიის პორტის მშენებლობა განახლებულიყო. განახლებულიყო საუკეთესო პირობებით, ისე, როგორც საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებშია. ამაზე არაერთხელ მქონდა კომუნიკაცია მედიასთან, ასევე საუბრობდა პრემიერ-მინისტრიც. საბოლოოდ, იცით, რომ სექტემბერში მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და დაევალა ეკონომიკის სამინისტროს, შეერჩია კონსულტანტი კომპანიები, რომლებიც უკვე ინვესტორების შერჩევის პირობებს დაამუშავებდნენ სამინისტროსთან ერთად, კერძო და საჯარო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში.

ამასთან, მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა, შეხვედრები პოტენციურ ინვესტორებთან, ძირითად საპორტო ოპერატორებთან, ლოგისტიკურ კომპანიებთან, რომლებიც შეიძლება, ჩართულიყვნენ პროექტის განხორციელების პროცესში სახელმწიფოსთან ერთად. ჩვენ დღეს მივიღეთ ძირითადი, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ასევე წლის ბოლომდე დასრულებული იქნება უკვე საკონკურსო პირობების ჩამოყალიბება. პირველი პროექტი, ამასთან დაკავშირებით, არსებობს და შესაბამისად, ამაზე იყო საზოგადოებასთან კომუნიკაცია. ასე რომ, მომავალი წლის იანვარში, გვაქვს იმედი, რომ შერჩევის პროცესს განვახორციელებთ ისევ კანონმდებლობის შესაბამისად, ისე, რომ 2023 წლიდან დავიწყოთ უშუალო სამშენებლო სამუშაოები და პორტის განვითარება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

რაც შეეხება ანაკლიის პორტის აშენებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს თანამონაწილეობას, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ „ეს თანხვედრაშია იმ პოლიტიკასთან, რომელიც მთავრობის გუნდს აქვს“.

„ჩვენი გუნდი არაერთხელ საუბრობდა, რომ მსხვილი, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული, კრიტიკული ინფრასტრუქტურული პროექტები სახელმწიფოს მონაწილეობით უნდა განხორციელდეს. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს, მათ შორის, კონტროლი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ მაქსიმალურად კონკურენტული გარემო და ამა თუ იმ სექტორის კონკურენტობას ხელი შეეწყოს გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს არის მკაფიო ხედვა, რომელიც გაზიარებულია ჩვენი უცხოელი პარტნიორების მიერ, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ. კონკრეტული ფლაგმანი პროექტები არის ცალკე განხილვის საგანი, უკვე დეტალების მიხედვით. თანხა შეფასებითად გვაქვს, უბრალოდ, დღეს არ გავაჟღერებთ. ამაზე დამატებით ინფორმაციას, რა თქმა უნდა, მოგაწვდით. რაც შეეხება მეორე საკითხს, ინვესტორის მოზიდვას, ჩვენ ოპტიმისტურად ვუყურებთ ამ სურათს, რადგან ის საარბიტრაჟო დავა, რომელიც მიმდინარეობს, არ ეხება პროექტს, ეხება სახელმწიფოსთან დავას. შესაბამისად, ინვესტორები ამ რისკისგან დაზღვეული არიან. ამიტომ ჩვენ არ დაველოდებით გადაწყვეტილებებს ამ კუთხით. ჩვენ დავიწყებთ პროექტის სწრაფად განხორციელებას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51 პროცენტის მფლობელი იქნება სახელმწიფო.