ლევან დავითაშვილი - მდგრადი განვითარების გარეშე ქვეყანა კონკურენტუნარიანი ვერ იქნება
ლევან დავითაშვილი - მდგრადი განვითარების გარეშე ქვეყანა კონკურენტუნარიანი ვერ იქნება

მდგრადი განვითარების გარეშე ქვეყანა კონკურენტუნარიანი ვერ იქნება. ამიტომ ეკონომიკის ნებისმიერი დარგის განვითარება გარემოს დაცვის და მდგრადი განვითარების პრინციპებზე უნდა იყოს დაფუძნებული, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019 წლის ანგარიში განიხილეს, რომელიც მინისტრმა საზოგადოებას დღეს წარუდგინა. გადაცემის მსვლელობისას აღინიშნა, რომ როდესაც ე.წ. მცირე მთავრობის რეფორმის ფარგლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გაერთიანდა, ამ შერწყმის მართებულობის თაობაზე საზოგადოებაში გარკვეული კითხვის ნიშნები გაჩნდა. დავითაშვილის მოსაზრებით, სამინისტროების გაერთიანება წარმატებული გამოდგა.

„რაც შეეხება სამინისტროების გაერთიანებას, მე ვფიქრობ, რომ შევძელით და გამოვიყენეთ ორივე სამინისტროს ძლიერი მხარეები საკადრო კუთხით, კომპეტენციის კუთხით, მათ შორის რესურსების კუთხით. ბევრია თანაკვეთის წერტილი, სინერგიის ადგილები, სადაც შეგვეძლო ამ გაერთიანების ეფექტი მაქსიმალურად გამოგვეყენებინა. ამის წარმატების მაგალითი ბევრ სხვა ქვეყანაშიც არსებობს. მაგალითად, ავსტრიაში, ჰოლანდიაში და ა.შ. იმ წამყვან და წარმატებულ ქვეყნებში, სადაც გარემოს დაცვის თემა პრიორიტეტია. უბრალოდ ჩვენთან იყო აღქმა, რომ აქ შეიძლება სოფლის მეურნეობა ყოფილიყო წამყვანი და გარემოს დაცვის სამინისტრო ნაკლებად წამყვანი. ჩვენ ვფიქრობთ და ვთანხმდებით, რომ გარემოს დაცვა არის მთავარი თემატიკა და სოფლის მეურნეობა განვითარების კუთხით შეიძლება გარემოს დაცვის კონტექსტში განიხილო“, – განმარტა დავითაშვილმა.

მინისტრის მოსაზრებით, არ შეიძლება გარემოს დაცვის საკითხების უგულვებელყოფა ეკონომიკის სწრაფი განვითარების საბაბით, რადგან მდგრადი განვითარების პრინციპების გარეშე ქვეყანა კონკურენტუნარიანი ვერ იქნება საერთაშორისო ასპარეზზე.

„რაც ეხება სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას, მათ შორის სოფლის მეურნეობის ან ნებისმიერი ეკონომიკური დარგის განვითარება მხოლოდ მდგრადი განვითარების პრინციპებზე უნდა იყოს დაფუძნებული. სხვანაირად დღევანდელ მსოფლიოში კონკურენტუნარიანი ვერ იქნები და ვერც შედეგს მიაღწევ. არა მგონია, რომ რამე საფუძვლის მქონე იყოს, ჩვენ ვისაუბროთ გარემოს დაცვითი ძირითადი საკითხების პრინციპების უგულებელყოფით წარმატების მიღწევაზე. ამიტომ როდესაც ქვეყნის განვითარებაზე ვსაუბრობთ, უნდა ვიყოთ პასუხისმგებლიანები და გარემოს დაცვას გვერდს ვერ ავუვლით“, – განუცხადა ლევან დავითაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.