ლევან დავითაშვილი - ლონდონის საინვესტიციო ფორუმი მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რადგან ის ბევრ საინტერესო ინვესტორთან პირდაპირი კავშირის საშუალებას გვაძლევს
საქართველოს საინვესტიციო ფორუმის ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამართვა და თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ შეგვიძლია, კვალიფიციურ ინვესტორებთან პირდაპირ დავამყაროთ კავშირი. ეს ფორმატი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან, ზოგადად, ლონდონი საფინანსო ცენტრი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საინვესტიციო პარტნიორია, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი საქართველოს საინვესტიციო ფორუმს წელს უკვე მესამედ მასპინძლობს, თუმცა ღონისძიება ლონდონის საფონდო ბირჟაზე პირველად გაიმართა. საქართველოს დელეგაცია ფორუმზე პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით იმყოფებოდა და მასში ქვეყნის ეკონომიკური უწყებების ხელმძღვანელი პირები და კერძო სექტორის წარმომადგენლები შედიოდნენ. ამასთან, ფორუმში გაერთიანებული სამეფოს მხრიდან 180-ზე მეტი საინვესტიციო კომპანიისა და ჯგუფის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ლონდონის საინვესტიციო ფორუმი მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რადგან ის საქართველოს ეკონომიკურ სექტორს ბევრ საინტერესო ინვესტორთან პირდაპირი კავშირის საშუალებას აძლევს – გაერთიანებული სამეფოს ბიზნესის წარმომადგენლებს ქართულმა მხარემ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალისა და ეკონომიკური კლიმატის შესახებ.
„საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ბოლო პერიოდში დიდი ბრიტანეთი ლიდერ პოზიციას იკავებს. გასულ წელს ბრიტანეთიდან ინვესტიციებმა თითქმის 500 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – წინა წელთან შედარებით ეს იყო 23%-იანი ზრდა. ვფიქრობ, მსგავსი ფორუმი და პირდაპირი კომუნიკაცია კვალიფიციურ ინვესტორებთან ძალიან ხელსაყრელი და ასევე ძალიან სასარგებლო იქნება იმისთვის, რომ ჩვენს ეკონომიკაში დამატებითი ინვესტიციები მოვიზიდოთ და, ზოგადად, პოზიტიური მესიჯები, რომლებიც ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გვაქვს, მივიტანოთ უშუალოდ ჩვენს პარტნიორებთან, ინვესტორებთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ლონდონი სწორედ ის ადგილია, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორების გაერთიანება და თავშეყრა ხდება“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.