ლევან დავითაშვილი - კრიზისების პერიოდში სტაბილური ფასების შენარჩუნება მნიშვნელოვანია, ქმედითი ინსტრუმენტით ფასის მერყეობის დაზღვევას მოვახერხებთ
ლევან დავითაშვილი - კრიზისების პერიოდში სტაბილური ფასების შენარჩუნება მნიშვნელოვანია, ქმედითი ინსტრუმენტით ფასის მერყეობის დაზღვევას მოვახერხებთ

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, კრიტიკულ ვითარებაში, კრიზისების პერიოდში სტაბილური ფასების შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ გვექნება განსაკუთრებული მექანიზმი, რათა ძირითად სასურსათო პროდუქტებზე დავაზღვიოთ იმპორტიორებისთვის სხვადასხვა ეკონომიკური, ფინანსური, მათ შორის სავალუტო რისკები, რომ ფასების სტაბილურობა შევინარჩუნოთ. პირველადი მოხმარების, ყველაზე კრიტიკულად მოთხოვნად, ყველაზე მნიშვნელოვან სასურსათო პროდუქტებზე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სამინისტრო მუშაობს 24 საათიან რეჟიმში, ისევე როგორც სხვა სახელმწიფო უწყებები. ჩვენი სამუშაო ჯგუფი ახორციელებს კომუნიკაციას ყველა რგოლთან, ყველა რგოლის ყველა სუბიექტთან, რათა სურსათის მომარაგება ან პირველადი სამომხმარებლო პროდუქტების მომარაგებას რაიმე საფრთხე არ შეექმნას“ ,- აღნიშნა  ლევან დავითაშვილმა.

კითხვაზე, თუ როგორ „დაიჭერთ“ძირითად პროდუქტებზე ფასებს, ლევან დავითაშვილმა უპასუხა, რომ ბიზნესის წარმომადგენლებთან დღის განმავლობაში შეხვედრები გაიმართება და დეტალებს გაივლიან.

„ეს არის პროდუქტი, რომელსაც მთავრობა სულ მალე მიიღებს. ჩვენ ბიზნესთან დღეს ვამუშავებთ დეტალებს, რათა ეს იყოს ბიზნესისთვისაც მისაღები, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის ინტერესები მომხმარებლის ინტერესებთან ერთად იყოს დაცული, გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ გვჭირდება სტაბილური ბიზნესი. შევაჯერებთ ამ პირობებს, ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც გულისხმობს საკურსო ფლუქტუაციიის დაზღვევას, მაგრამ იმ პირობებით, რომ ამ შემთხვევაში ფასების სტაბილურობას შეინარჩუნებენ ბიზნესები. ჩვენ დღის განმავლობაში გვაქვს სამუშაო შეხვედრები, რომ ზუსტად ის დეტალები, რომლებიც პროგრამაში არის დამუშავებული, გავაცნოთ ბიზნესს, შეჯერებული პოზიციის შემდეგ მთავრობა ამას უკვე დაამტკიცებს. ისე რომ, ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების კუთხით სახელმწიფო მაქსიმალურ და ვფიქრობ, ძალიან ქმედით ნაბიჯებს დგამს, ისეთს, რომელიც პრინციპში არც ერთ ქვეყანას არ გადაუდგამს“ ,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, დავითშვილის განმარტებით, დღეს ყველაზე გაზრდილი მოთხოვნა ბრინჯზე, მაკარონზე, მზესუმზირის ზეთზე, ფქვილზე, შაქარზე, ხორბალზე, რძის ფხვნილზე და რძის ფხვნილისგან წარმოებულ პროდუქტებზეა.

„ეს არის ის ძირითადი პროდუქტები, რომელთა ფასების ფლუქტუაცია და მერყეობა მოსახლეობისთვის არის ძალიან მგრძნობიარე. სწორედ ამისთვის ჩვენ ქმედითი ინსტრუმენტით ფასის მერყეობის დაზღვევას მოვახერხებთ“ ,- აღნიშნა დავითაშვილმა.