ლევან დავითაშვილი - კომპანიები მუშაობენ ინვესტიციებზე, მიმდინარეობს საინვესტიციო პროექტები, მაგრამ საზოგადოებაში არსებული ბულინგის გამო, თავს იკავებენ საჯარო კომუნიკაციისგან, არ სურთ აფიშირება
ლევან დავითაშვილი - კომპანიები მუშაობენ ინვესტიციებზე, მიმდინარეობს საინვესტიციო პროექტები, მაგრამ საზოგადოებაში არსებული ბულინგის გამო, თავს იკავებენ საჯარო კომუნიკაციისგან, არ სურთ აფიშირება

კომპანიები მუშაობენ ინვესტიციებზე, მიმდინარეობს პროცესი, საინვესტიციო პროექტები, მაგრამ საზოგადოებაში არსებული ბულინგის გამო თავს იკავებენ საჯარო კომუნიკაციისგან, არ სურთ  აფიშირება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

დავითაშვილს კითხვა დაუსვეს, რომლის მიხედვითაც: „ინვესტორებს პოზიტიური მოლოდინი არ აქვთ, ყველა საუბრობს, რომ ჰორიზონტზე არაფერი ჩანს. ეს აისახება უცხოელ ინვესტორებზეც და ადგილობრივი ინვესტორების ქმედებებზე, საინვესტიციო გადაწყვეტილებებზეც. ბოლო ორი თვის განმავლობაში ვის შეხვდით, ვინ არის საქართველოს მიმართ პოზიტიურად განწყობილი?“

„შედეგებით ვიმსჯელოთ, შედეგები გამოჩნდება 2025 წლის განმავლობაში. უამრავი კომპანია იყო ენერგეტიკულ სფეროში, ძალიან ბევრი კომპანია იყო, რომლებსაც ლოგისტიკისა და დასაწყობების სფეროში აქვთ გეგმები. კონკრეტული კომპანიების ჩამოთვლისგან თავს შევიკავებ, თუმცა ამ კომპანიებს თავად შეუძლიათ, გააკეთონ განცხადებები. სამწუხაროდ, დღეს იმდენად მიმდინარეობს ბულინგი საზოგადოებაში, რომ კომპანიებიც კი თავს იკავებენ გარკვეული საჯარო კომუნიკაციისგან, მათ შორის საერთაშორისო კომპანიები. იმედი მაქვს, ეს მალე გადაივლის, რადგან აბსოლუტურად არასწორი, არაკორექტულია და, სამწუხაროდ, მიზანმიმართულია.

პირდაპირ შემიძლია გითხრათ, 200-300-მილიონდოლარიანი ინვესტიციებია ენერგეტიკის სექტორში, რომლებიც შეუფერხებლად ხორციელდება. ეს არის საერთაშორისო ინვესტიციები. ამ კომპანიებს დღეს ეუხერხულებათ საჯარო კომუნიკაცია, არ სურთ აფიშირება იქიდან გამომდინარე, რაც შეიქმნა არასწორი პროცესებით – ბულინგი. ოპოზიცია ბიზნესს როდესაც მოუწოდებს საბოტაჟისკენ, თავისი საქმიანობის შეჩერებისკენ, ეკონომიკური აქტივობების გაჩერებისკენ, ამ შემთხვევაში კიდევ მეტად ფაქიზად, ფრთხილად იქცევიან საერთაშორისო ინვესტორები, ვიდრე ადგილობრივი ინვესტორები. მათთვის ეს გარემო მაინც მეტად უცხოა, ვიდრე ჩვენთვის. ასევე, სერიოზული კომპანიებისთვის გადაწყვეტილებები არის გრძელვადიანი, იმავე ენერგეტიკულ ან ინფრასტრუქტურულ სექტორებზე როცა ვსაუბრობთ, ეს პროექტები არის 10-15-20-წლიანი. ჩვენ არც თვალს ვხუჭავთ პრობლემებზე, არც გამოწვევებს უგულებელვყოფთ, მაგრამ ამავე დროს თანმიმდევრულად მივდივართ იმისკენ, რომ, მათ შორის, პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს, გაუმჯობესდეს საერთაშორისო ვითარება. ჩვენ, შეიძლება, კონკრეტულ ნაბიჯებსა და ტაქტიკაზე დღეს ვერ გაგიზიაროთ ინფორმაცია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.