ლევან დავითაშვილი - ხელისუფლება ხალხის გვერდით დგას, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ სტიქიის მიერ მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი მინიმუმამდე შემცირდეს
ლევან დავითაშვილი - ხელისუფლება ხალხის გვერდით დგას, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ სტიქიის მიერ მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი მინიმუმამდე შემცირდეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი სტიქიისგან დაზარალებულ ფერმერებს შეხვდნენ და მთავრობის მიერ სეტყვით დაზარალებული ფერმერების მხარდაჭერისთვის მიღებული გადაწყვეტილებები გააცნეს.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ სტიქიის მიერ მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი მინიმუმამდე შემცირდეს.

„როგორც ყოველ წელს, წელსაც ხელისუფლება დგას ხალხის გვერდით და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ სტიქიის მიერ მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი მინიმუმამდე შემცირდეს. ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ცდილობს სპეკულირებას და მოსახლეობის გრძნობებით თამაშს. აცხადებენ, რომ მოსახლეობა მიტოვებულია და ხელისუფლებისგან მხარდაჭერა არ აქვს, რაც არის აბსოლუტური სიცრუე. პირველი დღიდან, რთველის საკოორდინაციო შტაბის თანამშრომლები მუშაობენ ფერმერებთან, რათა ორგანიზებულად მოხდეს დაზიანებული ყურძნის ჩაბარება. უნდა ითქვას, რომ სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ხდებოდა მევენახეობის დარგის უპრეცედენტო მხარდაჭერა, როგორც თანმიმდევრული პოლიტიკის და ზოგადად, დარგის განვითარების, ასევე კონკრეტულ შემთხვევების, მათ შორის კომპენსაციების კუთხით. 2012 წელს, ჩვენ გვახსოვს მასშტაბური კომპენსაციები, როდესაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა „ქართუმ“ დაზარალებული მევენახეების კომპენსაცია განახორციელა. წელსაც, მთავრობის გადაწყვეტილებით, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა, ვისაც სრულად, 100 %-ით გაუნადგურდა ყურძნის მოსავალი, ერთჯერადი კომპენსაცის სახით, 3000 ლარს მიიღებს. მევენახეები დაზიანებულ ყურძენს – ერთ კილოგრამ რქაწითელს 80 თეთრად, ხოლო საფერავს ერთ ლარად ჩაიბარებენ“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

26 აგვისტოს, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4 600 ჰექტარი ვენახი დააზიანა.