ლევან დავითაშვილი - ხეების გადატანაზე ცრუ ინფორმაციები ვრცელდებოდა, ქვეყანაში დენდროლოგიური პარკი კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვით იქმნება
ლევან დავითაშვილი - ხეების გადატანაზე ცრუ ინფორმაციები ვრცელდებოდა, ქვეყანაში დენდროლოგიური პარკი კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვით იქმნება

ნებისმიერ სუბიექტს ქვეყანაში აქვს უფლება, შეათანხმოს გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტთან ან შესაბამის მუნიციპალიტეტთან ხეების გადატანის გეგმები, მათ შორის რეკულტივაციის გეგმები, მიიღოს ნებართვა, ნებართვების გაცემის პროცედურებიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით, – ამის შესახებ გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა აგრარულ საკითხთა, გარემოს, ეკონომიკის საფინანსო-საბიუჯეტო და რეგიონული პოლიტიკისა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავას კომიტეტის სხდომაზე დაინტერესდა ბიძინა ივანიშვილის მიერ ხეების გადატანის საკითხით. ბოკუჩავას თქმით, ექსპერტების მოსაზრებით, ხეების გადატანისა ეკოლოგიურ კატასტროფას ქმნის.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში ნებისმიერ სუბიექტს  აქვს უფლება, შეათანხმოს გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტთან ან შესაბამის მუნიციპალიტეტთან გადატანის გეგმები, მათ შორის რეკულტივაციის გეგმები და მიიღოს ნებართვა.

„ნებართვების გაცემის პროცედურებიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით. ამ კანონმდებლობის აღსრულების ნაწილში მონიტორინგს გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი ახორციელებს და გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი ამას განახორციელებს კანონმდებლობის სრული დაცვით ნებისმიერ პირთან მიმართებაში და ამ შემთხვევაში საუბარია კერძო კომერციულ კომპანიებზე, რომლებიც ატარებენ გადატანის სამუშაოებს და დარღვევის შემთხვევაში მათ მიმართ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, მათ შორის ზიანის თანხის დაანგარიშება მოხდება და ეს აღსრულება უნდა მოხდეს კანონმდებლობით განსაზღვრული წესების შესაბამისად. ეს გეგმები არსებობს, კომპანიებს აქვთ ვალდებულება, რომ რეკულტივაციის გეგმები შეასრულონ, როგორც ტექნიკური ასევე ბიულოგიური“, – განაცხადა დავითაშვილმა. 

მისი თქმით, ხეებსა და ეკოლოგიურ კატასტროფაზე ხშირ შემთხვევაში, ცრუ ინფორმაცია ვრცელდება.

„რაც შეეხება ხეებს და ეკოლოგიურ კატასტროფას, ხშირ შემთხვევაში ამაზე ცრუ ინფორმაცია თქვენი კონტროლირებადი მედიასაშუალებებით იყო გასული, რომ ხდებოდა ვითომდა, საჯარო სივრცეში ხეების მოჭრა და განადგურება. ხშირ შემთხვევაში აჩვენებდნენ საკარმიდამო ნაკვეთებს, სადაც მოსახლეობა გადაწყვეტილებით იყო მომხრე, რომ ხეები გაესხვისებინა, რაც მათი სრული საკანონდებლო უფლება იყო, ეს წარმოჩენილი იყო სხვანაირად. ამ შემთხვევაშიც დღევანდელი ფორმატის გამოყენებას თქვენ ახდენთ იმისთვის, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოთ, ვინც ამასთან კავშირში არ არის. დენდროლოგიური პარკი იქნება ქვეყანაში, რომელიც კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვით უნდა მოხდეს”, – მიმართა ლევან დავითაშვილმა თინა ბოკუჩავას.