ლევან დავითაშვილი - ხაზგასმით ვამბობ, სასურსათო უზრუნველყოფის თვალსაზრისით არანაირი რისკი არ არსებობს, დროებით შეფერხებებს ქმნის მხოლოდ პანიკა და არასწორი მოქმედება
ლევან დავითაშვილი - ხაზგასმით ვამბობ, სასურსათო უზრუნველყოფის თვალსაზრისით არანაირი რისკი არ არსებობს, დროებით შეფერხებებს ქმნის მხოლოდ პანიკა და არასწორი მოქმედება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სასურსათო უზრუნველყოფის, მომარაგების თვალსაზრისით, ქვეყანაში არანაირი რისკი არ არსებობს და მოსახლეობა ტყუილად შიშობს.

კითხვაზე, ტრანსპორტის აკრძალვა იმოქმედებს თუ არა ადამიანებზე, რომლებსაც თბილისში პროდუქტები ჩამოჰქონდათ, დავითაშვილმა უპასუხა, რომ ქართულ პროდუქტებზე შეზღუდვა მოსალოდნელი არ არის.

„არ არის შეზღუდული ეს მომენტი, ქართულ პროდუქტებზე არანაირად არ არის მოსალოდნელი შეზღუდვა. იცით, რომ ახლა გაზაფხულია, სეზონურადაც ბევრი რამ იცვლება და საქართველო ძირითადად სასოფლო-სამეურნეო, თუ აგრო-პროდუქტების მომარაგების კუთხით ზამთარში განიცდის ხოლმე ზოგიერთ მიმართულებაში დეფიციტს. ზუსტად ამისთვის დაიწყო სასათბურე სიმძლავრეების გაზრდა ქვეყანაში, რომელშიც ფაქტობრივად გაასმაგებულია. უკვე გაზაფხულიდან სასურსათო კალათაში შემოდის ფაქტობრივად მთლიანად ადგილობრივად წარმოებული ხილი, ბოსტნეული და სხვა პროდუქტები, ბაღჩეული პროდუქტები, რომლებიც მთლიანად ანაცვლებს იმპორტს ხოლმე. მაგალითად, დაახლოებით რამდენიმე კვირაში ჩვენ უნდა გვქონდეს ახალი კარტოფილის მოსავალი. ასე რომ, სასურსათო უზრუნველყოფის თვალსაზრისით, მომარაგების თვალსაზრისით, ხაზგასმით მინდა ვთქვა, ქვეყანაში არანაირი რისკი არ არსებობს. მხოლოდ პანიკა, არასწორი მოქმედებები ხშირ შემთხვევაში ქმნის გარკვეულ პრობლემებს, დროებით შეფერხებებს და ჩვენ, სამინისტრო, ყველა საკომუნიკაციო არხს ვიყენებთ, რათა სწორად მივაწოდოთ მომხმარებელს, მოსახლეობას ინფორმაცია, რომ მათი ქცევა იყოს შესაბამისი და არ იყოს პანიკა“ ,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.