ლევან დავითაშვილი - „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ ვალდებულებების შესრულებაზე მუდმივი მონიტორინგი გვექნება
ლევან დავითაშვილი - „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ ვალდებულებების შესრულებაზე მუდმივი მონიტორინგი გვექნება

„ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გარემოს დაცვის კუთხით აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ჭიათურაში, ადგილზე გაეცნო.

კომპანიის მიერ გაწეული სამუშაოები საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ, ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სულხან მახათაძემ და იმერეთის ახალმა გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ დაათვალიერეს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიას გარემოსდაცვითი ღონისძიებების გრძელვადიანი და მოკლევადიანი ვალდებულებები გააჩნია.

მათივე ცნობით, წლების განმავლობაში მადნის გამდიდრების შედეგად წარმოქმნილი დაბინძურებული წყალი, შლამთან ერთად, პირდაპირ მდინარე ყვირილაში ჩაედინება. ამ პრობლემის მოგვარებას კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ახალი ქარხნის მშენებლობით გეგმავს, რომლის სამუშაო პროცესი დახურული ციკლით წარიმართება და საწარმოო პროცესს მდინარესთან შემხებლობა აღარ ექნება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა უახლოეს ვადებში იყოს გამოსწორებული. შესაბამისად, ვნახეთ ყველა ის კრიტიკული წერტილი, რომელიც სამთო მოპოვების პროცესს უკავშირდება. კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ გააჩნია კონკრეტული სამოქმედო გეგმა, თუ რა დროში და როგორ უნდა გამოასწოროს არსებული ვითარება. ამაზე მუდმივი მონიტორინგი იქნება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან. ასევე, მოვისმინეთ პრობლემები მოსახლეობისგან და ეს საკითხები განხილული იქნება მთავრობაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მყისიერი რეაგირება გვქონდეს და ძალიან მოკლე დროში ყველაზე კრიტიკული პრობლემები, რომელიც ეკოლოგიის კუთხით შექმნილია ჭიათურაში – გამოსწორდეს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, ახალი ქარხანა, რომელიც შენდება, საკმაოდ მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს, რაც წინაპირობაა, რომ საბოლოო ჯამში მდინარე ყვირილას დაბინძურების პრობლემა მოგვარებული იქნება.

„თუმცა, ბევრი სავალალო მდგომარეობაც ვნახეთ, განსაკუთრებით ღია კარიერული მოპოვების პროცესი, რომელიც უბრალოდ არანაირ სტანდარტს არ აკმაყოფილებს. მესმის, რომ აქ ბევრ ქვეკონტრაქტორზეა საუბარი, თუმცა აუცილებელია, რომ მათი საქმიანობა ჩარჩოში მოექცეს, რათა მოსახლეობა, რომლებიც, პრაქტიკულად, ამ კარიერების გვერდით ცხოვრობს, მათი უსაფრთხოება და ჯანმრთელობის საკითხი იყოს დაცული“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

ჭიათურაში არსებული ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების შესახებ მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე აცხადებს, რომ უნდა შესრულდეს იმ გეგმის გრაფიკი, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარდგენილი აქვს „ჯორჯიან მანგანეზს“.

„ბიზნესს სჭირდება განვითარება. აქ ძირითადად ადგილობრივები არიან დასაქმებულები და რა თქმა უნდა, ამას ქვეყნის ეკონომიკისთვისაც და ადგილობრივი ბიუჯეტისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ქალაქისა და ხალხის ინტერესების ხარჯზე“ , – განაცხადა სულხან მახათაძემ.

„ჯორჯიან მანგანეზი“ ახალი ქარხნის მშენებლობაში 20 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს. მისი მშენებლობა გასულ წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. ეკოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად კი კომპანიას 14-პუნქტიანი ვალდებულება აქვს აღებული, რომელთა შორის არის ტერიტორიების რეკულტივაციის პროცესიც.

„ახალი ქარხნის მშენებლობაში გერმანელი სპეციალისტები არიან ჩართული და ის ორ თვეში დასრულდება. ეს ქარხანა მდინარე ყვირილას მასში ჩამდინარე ჭუჭყიანი წყლისგან დაცვას სრულად უზრუნველყოფს. შემდეგი პროექტი იქნება ტერიტორიებზე რეკულტივაციები, მათ შორის ისეთი ტერიტორიების, რომლებიც ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან დაზიანებულია“, – განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.