ლევან დავითაშვილი - ჰესი მხოლოდ იმ პირობით აშენდება, რომ მდინარე რიონმა კალაპოტი შეინარჩუნოს და არ მოხდეს ზემოქმედება მინერალურ წყლებზე, რომლითაც რაჭა ამაყობს
ლევან დავითაშვილი - ჰესი მხოლოდ იმ პირობით აშენდება, რომ მდინარე რიონმა კალაპოტი შეინარჩუნოს და არ მოხდეს ზემოქმედება მინერალურ წყლებზე, რომლითაც რაჭა ამაყობს

მანიპულაციებით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა უპასუხისმგებლობაა და მეტიც, არის ამორალური, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ონის კასკადთან დაკავშირებული თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა. მან კომენტარი გააკეთა მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე და მას სიცრუე უწოდა.

​„ძალიან მიჭირს სიტყვების მოძებნა, იმგვარი დეზინფორმაცია და უპასუხისმგებლო განცხადებები ვრცელდებოდა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან; მოღალატეობრივიც კი შეიძლება, ვუწოდოთ, რადგან მიმართული იყო მოსახლეობის გრძნობებზე, ამ დეზინფორმაციის მიზანი რაჭის მკვიდრი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა იყო. ყველა ფაქტი, რომელიც იყო საინფორმაციო საშუალებებით მიწოდებული, იყო აბსოლუტურად ტყუილი. პირველ რიგში, იქ იყო ინფორმაცია, რომ ფეთქდებოდა მთები და დაიკარგებოდა მდინარე რიონი – ორივე ფაქტი არის ტყუილი. 8-მეტრიანი კასკადი, როდესაც ასეულობით მეტრის კასკადებია ჰესების შემთხვევაში, იყო წარმოჩენილი, თითქოს არის დიდი კასკადი. ეს არის მხოლოდ შემკრები გარკვეული ბლოკი ამ ჰესის, რომელიც საკმაოდ დიდ საშუალებას იძლევა. გარემოს დაცვითი ყველა პირობა ჩვენს ნებართვაში არის 100 პროცენტით გათვალისწინებული.

როდესაც საუბარი იყო, რომ რამდენიმე წელიწადი ხდებოდა განხილვა და ნებართვა მარტში გაიცაო, ეს იყო რამდენიმეჯერმე გადავადებული პროცესი, რადგან რამდენიმეწლიანი შესწავლა უძღვოდა ამ პროცესს წინ. შესწავლილი იყო ყველა ასპექტი კომპეტენტური ექსპერტების მიერ, რომლებიც იყო დაკავშირებული სეისმოლოგიასთან, გეოლოგიასთან და ჰიდროლოგიასთან. მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა ასეთი მანიპულირებით უბრალოდ უპასუხისმგებლობაა და ცოტა მეტიც არის – არამორალური“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

​მინისტრის თქმით, ბუნებაში მხოლოდ მინიმალურ ინტერვენციებზეა საუბარი, ჰესი მხოლოდ იმ პირობით აშენდება, რომ მდინარე რიონმა კალაპოტი შეინარჩუნოს და არ მოხდეს ზემოქმედება მინერალურ წყლებზე, რომლითაც რაჭა ამაყობს.

„მდინარე რიონი ერთ-ერთი წყალუხვი მდინარეა, რომელიც მოვარდნებითაც ხასიათდება და ჰიდროლოგებს კარგად ესმით, რომ მთლიანად რიონის მილში მოხვედრა ჩვენი მხრიდან არ იქნებოდა მხარდაჭერდილი, ეს არც არის გათვალისწინებული და ვერც იქნებოდა. პირიქით, მდინარე რიონი ინარჩუნებს თავის კალაპოტს და ეკოსისტემას ჩვენ შევინარჩუნებთ აუცილებლად. მხოლოდ ამ პირობით აშენდება ჰესი. ასევე, ჰესის მშენებლობის პირობაა, რომ ის მინერალური წყლები, რომლებიც რაჭაში არსებობს და რომლითაც რაჭა ამაყობს, უნდა იყოს დეტალურად შესწავლილი და არც ერთი სამშენებლო სამუშაო არ უნდა ჩატარდეს, რომელმაც შეიძლება, რაიმე ტიპის ზემოქმედება მოახდინოს ამ წყლებზე. ხშირ შემთხვევაში, დეზინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვისმენთ, არის ძალიან უპასუხისმგებლო“, – აცხადებს ლევან დავითაშვილი.